9-16 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, პროფესიული განვითარების და საგანმანათლებლო-შემეცნებითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ესპანეთში იმყოფებოდა.
ვიზიტი Georgian Eno-Tourism Association (GETA)-ს, ესპანეთში CIU-ს სპეციალური წარმომადგენლისა და ესპანური ცენტრის „Iberia“ (Centro Cultural y Educativo Español “Iberia”) დამფუძნებლის, ქალბატონ ქეთი გორგილაძის მხარდაჭერით განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მადრიდის ბოტანიკური ბაღის ესპანური ვაზის ენდემური ჯიშების კოლექცია, ეწვივნენ ესპანურ ბოდეგებს, გაეცნენ ვაზის გაშენება- მოვლის, ღვინის დამზადების ადგილობრივ სპეციფიკას, ხერესის ტექნოლოგიას, ესპანური „ქვევრის“ (Tinaja) - დამზადების, მასში ღვინის წარმოების ტრადიციულ მეთოდს, დააგემოვნეს მრავალი ესპანური ღვინო, გაეცნენ ენოტურიზმის არსებულ ვითარებას ქვეყანაში და განვითარების პოტენციალს.
ვიზიტის დასასრულს, CIU-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლებს ესპანეთის სამეფოში საქართველოს ელჩმა, ალექსანდრე ჭკუასელმა უმასპინძლა.
ვიზიტი შეფასდა, როგორც ნაყოფიერი და მრავალმხრივად საინტერესო საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, დაისახა სამომავლო გეგმები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის მონაწილეობით ერთობლივ ფესტივალებსა და სხვა სახის ღონისძიებებში.