სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება სამი წლის ვადით.
კერძოდ:
- „პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება"/02489/-პროფესიული მომზადების პროგრამა, მე-4 დონე;
- „ნულოვანი ემისიის სოფლის მეურნეობის მართვა"/02491/-პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-5 დონე;
- „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა“/02485/-პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-4 დონე;
- „ახალგაზრდული მონაწილეობის და აქტივობების მართვა"/02486/-პროფესიული გადამზადების პროგრამა, მე-5 დონე.
კურსდამთავრებულები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
ამ სასერტიფიკატო, მოკლევადიან პროგრამებზე სწავლის მსურველთა მიღებაზე რეგისტრაცია გამოცხადდება უახლოეს 2-3 თვეში, რასთან დაკავშირებითაც მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.
ამ პროგრამების შემუშავების საჭიროება განპირობებულია შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად კვალიფიციური სპეციალისტების მოკლე დროში მომზადება/გადამზადება - სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულ სფეროებში.
განათლების სისტემის მომავალი განვითარების პერსპექტივისა და პროფესიული განათლების სისტემაში ინტეგრაციის მიზნით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის წარდგინების თანახმად, კანცლერის 2023 წლის 20 იანვრის ბრძანებით დაარსდა - შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი.
სამომავლოდ პროფესიული განათლების ცენტრი საინტერესო სიახლეებს შემოგვთავაზებს პროფესიული, ზრდასრულთა განათლების სისტემაში.
ცენტრის დირექტორია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი - თეა ოსეფაშვილი.
ცენტრის ელექტრონულ-ინფორმაციულ საქმიანობას უძღვება - ვიქტორია გეგეჭკორი, პროფესიული განათლების ახალგაზრდა სპეციალისტი.