პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- პლაგიატის აღმოჩენისა და მასზე რეაგირების წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (შემდგომში „უნივერსიტეტი“) აკადემიურ და სტუდენტურ სივრცეში აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს და დარღვევის შემთხვევაში, მასზე რეაგირების მექანიზმებს.
- უნივერსიტეტი იცავს ინტელექტუალური საკუთრების პრინციპებს და აღნიშნული წესით დადგენილი მექანიზმებით მიმართულია გამოავლინოს სხვისი შრომის შედეგის ნებისმიერი ფორმით მითვისება.
- უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტთა მოვალეობაა, პატივი სცეს სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას, დაიცვას აკადემიური კეთილსინდისიერება და გაუფრთხილდეს უნივერსიტეტის რეპუტაციასა და პრესტიჟს.
- აღნიშნული წესი აყალიბებს უნივერსიტეტში პლაგიატისა და ხელოვნური ინტელექტის არაკეთილსინდისიერი გამოყენების შესახებ ინფორმირებულობის, პრევენციის, აღმოჩენის მექანიზმებისა და რეაგირების ნორმებს.
მუხლი 2. პლაგიატი, თვითპლაგიატი, ფალსიფიკაცია და ხელოვნური ინტელექტის არასათანადო გამოყენება
- აკრძალულია სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან აუდიო მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემების მითვისება და გავრცელება ავტორის მიუთითებლად (პლაგიატი).
- აკრძალულია საკუთარი ნაშრომის განმეორებით გამოყენება ორიგინალური წყაროს მიუთითებლად (თვითპლაგიატი).
- აკრძალულია მონაცემების, ინფორმაციის ან ციტატების გაყალბება აკადემიურ ნაშრომში (ფალსიფიკაცია).
- აკრძალულია ხელოვნური ინტელექტის არასათანადო გამოყენება, რაც გულისხმობს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტის გამოყენებას აკადემიურ და კვლევით ნაშრომებში ციტირების გარეშე, ასევე ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ტექსტის გამოყენებას კრიტიკული ანალიზის გარეშე. (01-32, 27.03.2024)
პლაგიატის ფორმებია: (01-32, 27.03.2024)
დარღვევის სახე განსაზღვრება განმარტება პირდაპირი პლაგიატი სხვისი ნამუშევრის (იქნება ეს იდეა, ნაწერი, გამოსახულება, გრაფიკი თუ მონაცემი) მითვისება ავტორის მითითების გარეშე წყაროდან ზუსტად გადმოწერა ბრჭყალებში ჩასმის ან სხვა ტიპის მითითების გარეშე, რომელიც ციტირებულ ტექსტს ნათლად გამოყოფს ავტორის ტექსტისგან. სხვისი ნაშრომის მითვისების შემთხვევებში შედის სხვისი ნებართვით გადაწერაც. პლაგიატის განსაზღვრა ამ შემთხვევაში ხდება ორიგინალური ცოდნის პოზიციიდან. პლაგიატი, როგორც აკადემიური არაკეთილსინდისიერების ფორმა, ნაშრომის ორიგინალურობასთან დაკავშირებით არასწორ/ცრუ წარმოდგენას ქმნის (IPPHEAE.”- 2015). მითვისება შეიძლება შეეხოს რამდენიმე ფრაზას, სეგმენტებს ან მთლიან ნაშრომს პარაფრაზირებული პლაგიატი სხვისი მოსაზრებების პარაფრაზი ავტორის ერთმნიშვნელოვანი მითითების გარეშე. პარაფრაზირებული პლაგიატია ასევე პარაფრაზისას ავტორის სიტყვების უმნიშვნელო ცვლილება, რაც ავტორობის საკითხს ბუნდოვანს ხდის პარაფრაზისას ზუსტად უნდა ჩანდეს, ვის იდეას ეხმაურება ავტორი და როდის. ტექსტში ან ტექსტის ბოლოს წყაროს მოხსენიება ამგვარ შემთხვევებში საკმარისი არ არის, რომ განირჩეს, სად არის პარაფრაზი და სად - ორიგინალური მოსაზრებები. ზოგჯერ პარაფრაზისას განხორციელებული ცვლილება იმდენად ახლოს რჩება ორიგინალის ტექსტთან, რომ მათი განსხვავება შეუძლებელი ხდება, მაგრამ პარაფრაზის გამო ბრჭყალებში არ არის ჩასმული. მოზაიკური პლაგიატი მოზაიკური პლაგიატისას სხვადასხვა წყაროებიდან აღებული მოსაზრებები ისეა გაერთიანებული, რომ ცალკეული ავტორები მითითებული არ არის სხვადასხვა ავტორების შეჯამება კონკრეტული წყაროების მითითების გარეშე განიმარტება როგორც მოზაიკური პლაგიატი. მას ასევე უწოდებენ “patch writing.” მოზაიკური პლაგიატია, როდესაც ზოგიერთ შემთხვევაში ნაშრომის ბოლოს არის ხოლმე ესა თუ ის მეცნიერი/ავტორი მითითებული, მაგრამ ტექსტის კითხვისას შეუძლებელია გარჩევა, სად სრულდება ნაწერის ავტორის ორიგინალური მოსაზრება და სად არის ჩასმული ციტატები. პლაგიატი დაუდევრობით არასწორი ციტირება დაუდევრობის გამო ავტორების ან წყაროების მითითებისას მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამორჩენა ან არევა. თვითპლაგიატი ერთი და იმავე ნაშრომის ან ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილების ორჯერ ან მეტჯერ წარდგენა/გამოქვეყნება საკუთარი ნაშრომის ციტირების ან შესაბამისი მითითების და უფლების მოპოვების გარეშე თვითპლაგიატის შემთხვევებია ერთი და იგივე თავების განმეორება სხვადასხვა პუბლიკაციებში შესაბამისი მითითების გარეშე, სტუდენტების შემთხვევაში თვითპლაგიატად ითვლება ერთი და იმავე ნაშრომის წარდგენა სხვადასხვა მიზნებისთვის (სხვადასხვა კურსის, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში). საავტორო უფლებების დარღვევა სხვისი ნამუშევრის გამოყენება საავტორო უფლებების მოპოვების გარეშე პლაგიატი ეთიკური პრობლემაა, საავტორო უფლებების დარღვევა უკვე დანაშაულია, რომელიც კანონით რეგულირდება. საავტორო უფლებების დარღვევის წინაპირობაა ამა თუ იმ იდეაზე, საგანზე, მეთოდზე და ა. შ. საავტორო უფლების არსებობა. ფარული თანამშრომლობა სხვების მოტყუების მიზნით აკადემიური არაკეთილსინდისიერების ფორმა, რომელიც შეიძლება მოიცავდეს არაუფლებამოსილ/ არასანქცირებულ თანამშრომლობას, მიღებული დახმარების არაღიარებას, ჯგუფურ პროექტზე მუშაობისთვის დადგენილი წესების არ გათვალისწინებას. ჯგუფური პროექტების განხორციელებისას მონაწილის პასუხისმგებლობაა ზუსტად იცოდეს თანამშრომლობისთვის დაშვებული საზღვრები და სამუშაოს ის ნაწილი, რომელიც მისთვისაა განკუთვნილი.
მუხლი 3. პლაგიატისა და ხელოვნური ინტელექტის არასათანადოდ გამოყენების შესახებ ინფორმირება
- უნივერსიტეტის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამები ითვალისწინებს სავალდებულო სასწავლო კურსებს, რომლებიც მოიცავს აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებას აკადემიური და კვლევითი მიზნებისათვის და მის არასათანადო გამოყენებას.
- უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალში პლაგიატისა და ხელოვნური ინტელექტის არასათანადოდ გამოყენების შესახებ ინფორმირება ხდება აღნიშნული წესის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე და ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სავალდებულოდ გასაცნობი დოკუმენტია.
მუხლი 4. პლაგიატის პრევენცია
- პლაგიატისა და ხელოვნური ინტელექტის არასათანადოდ გამოყენების შესახებ პრევენცია მოიცავს რამდენიმე ასპექტს:
- სტუდენტი სასწავლო ხელშეკრულების გაფორმებისას ხელს აწერს პლაგიატისა და ხელოვნური ინტელექტის არასათანადოდ გამოყენების საინფორმაციო დოკუმენტს.
- სტუდენტების თვითშეგნების ამაღლება აკადემიური წერის კურსის ფარგლებში;
- სწავლების პირველივე წლიდან წერითი დავალებების (რეფერატი, ესე, სტატია, პრეზენტაცია და სხვა) მიცემა და ლექტორის მიერ პლაგიატზე შემოწმება;
- საინფორმაციო შეხვედრების მოწყობა პლაგიატის თემაზე, ასევე, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და არასათანადო გამოყენების შესახებ;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მხარდაჭერა ხელოვნური ინტელექტის შეზღუდვების შესახებ ინფორმირებულობის თაობაზე;
- სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის პლაგიატის აღმოჩენის პროგრამაში ტექსტების შემოწმების შესაძლებლობების შესახებ საჯარო შეხვედრების მოწყობა
- უნივერსიტეტში შექმნილი ყველა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომი, სადოქტორო საფეხურზე შექმნილი კვლევები და ჟურნალებში გამოქვეყნებული 4 სტატიები სავალდებულო წესით მოწმდება ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში, რაც პრევენციული ფორმით მოქმედებს სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალზე.
მუხლი 4 (1) . ხელოვნური ინტელექტის გამოყენების აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვით (01-32, 27.03.2024)
- უნივერსიტეტი მხარს უჭერს ხელოვნური ინტელექტის, მათ შორის გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის, (Generative AI) გამოყენებას, როგორც დამხმარე რესურსს სწავლისათვის იმის გათვალისწინებით რომ სტუდენტების მიერ დაცული იქნება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები.
- უნივერსიტეტი გეგმავს ეტაპობრივად განავითაროს მიდგომები, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის, ასევე ხელოვნური ინტელექტის მოდელების ეთიკური გამოყენებისა და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვისათვის
მუხლი 5. პლაგიატის აღმოჩენის მექანიზმები
- პლაგიატის აღმოჩენის ძირითადი მექანიზმებია ლექტორის, ნაშრომის ხელმძღვანელის, რეცენზენტის დასკვნა და ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამა.
- სტუდენტის შემთხვევაში სასწავლო კურსის ლექტორი ვალდებულია შეამოწმოს ნაწერი სილაბუსით გათვალისწინებულ ძირითად ლიტერატურასთან და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
- ნაშრომის ხელძღვანელი, რეცენზენტი და შემოწმებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი, ვალდებულია ნაშრომი გადაამოწმოს შემდეგი მიმართულებებით:
- ნაშრომის სქოლიოში მითითებული ლიტერატურის შედარება ნაშრომის თავებთან/პარაგრაფებთან/აბზაცებთან;
- თემასთან დაკავშირებით არსებულ ძირითად ლიტერატურასთან, რომელიც არ არის მითითებული სქოლიოში;
- ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში შემოწმება.
- უნივერსიტეტში შექმნილი ყველა საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო ნაშრომი, სადოქტორო საფეხურზე შექმნილი კვლევა, სტატია, პუბლიკაცია, მოხსენება, წიგნი, უნივერსიტეტის შესაბამის სტრუქტურაში საბოლოო სახით წარდგენის მომენტიდან 7 დღის ვადაში სავალდებულო წესით მოწმდება ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში. (#01-130, 20.10.2021)
- სტუდენტს უფლება აქვს ნაშრომის წარდგენისთვის უნივერსიტეტის მიერ დადგენილ ბოლო ვადამდე 30 დღით ადრე წარადგინოს ნაშრომის პროექტი, რომელიც 7 დღის ვადაში გადამოწმდება ანტიპლაგიატის პროგრამაში. ანტიპლაგიატის პროგრამის დასკვნა გადაეცემა ავტორს, რომელსაც უფლება აქვს მოახდინოს შესაბამისი ცვლილება ნაშრომში და საბოლოო სახით წარადგინოს დადგენილ ვადაში. (#01-130, 20.10.2021)
- ნაშრომის პროექტის ფორმით წარდგენის დროს გამოვლენილი პლაგიატის შემთხვევაში არ ხდება ამ წესით დადგენილი დისციპლინური ღონისძიებების გატარება. (#01-130, 20.10.2021)
- ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამაში მასალის გადამოწმებას უზრუნველყოფს ბიბლიოთეკა, რომელიც ნაშრომებს იღებს ფაკულტეტებისა და დოქტორანტურის სამსახურის მეშვეობით. (#01-130, 20.10.2021)
მუხლი 6. ტექსტურ თანხვედრაზე, მსგავსებაზე და პლაგიატზე რეაგირების მექანიზმები
- ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურზე სალექციო კურსის შეფასების ფარგლებში შექმნილ წერით დავალებაში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში სასწავლო კურსის ლექტორი უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააუქმოს ნაწერი შეფასების გარეშე და ამის შესახებ აცნობოს ფაკულტეტის დეკანატს.
- საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომში არსებული პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი პირი ვალდებულია 3 დღის ვადაში აცნობოს ფაკულტეტის დეკანს. (01-86, 02.08.2018)
- დოქტორანტისა და აკადემიური პერსონალის მხრიდან ნაშრომში კეთილსინდისიერების ნორმების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში განმცხადებელი 3 დღის ვადაში მიმართავს რექტორს. (01-86, 02.08.2018)
- ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში ატვირთული ნაშრომისთვის უნივერსიტეტის მიერ დადგენილია სხვა წყაროებთან დასაშვები ტექსტური თანხვედრის/მსგავსების მაქსიმალური პროცენტული ზღვარი, რომელიც შეადგენს 24%- ს. (01-32, 27.03.2024)
- დასაშვები ტექსტური თანხვედრის/მსგავსების პროცენტული მაჩვენებლის ნორმაზე მაღალი მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში, ნაშრომის ავტორი ვალდებულია მოიყვანოს ნაშრომის პროექტი შესაბამისობაში დასაშვებ ზღვრულ მაჩვენებელთან, ნაშრომის ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში საბოლოო სახით ატვირთვის მომენტამდე. (01-32, 27.03.2024)
- სწავლის სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში დასაშვებია ნებადართული ტექსტური თანხვედრის/მსგავსების პროცენტულ მაჩვენებელზე უფრო მაღალი მაჩვენებლის არსებობა. აღნიშნულ შემთხვევაში, საკითხის განხილვა განხორციელდება ამავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად. (01-32, 27.03.2024)
- თუ ნაშრომის საბოლოო სახით ატვირთის მომენტში დაფიქსირდა ტექსტური თანხვედრის/მსგავსების პროცენტული მაჩვენებლის დაშვებულ ნორმაზე მაღალი მაჩვენებელი, გარდა ამ მუხლის მე-5 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ნაშრომი ექვემდებარება ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამიდან წაშლას და ნაშრომის ავტორს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილების მიცემა არ ზღუდავს ნაშრომის ავტორის უფლებას ანტიპლაგიატის ელექტრონულ პროგრამაში ხელახლა ატვირთოს შესაბამისობაში მოყვანილი ნაშრომი. (01-32, 27.03.2024)
- წარდგენილი ნაშრომის შეფასების შედეგად, თანხვედრის/მსგავსების პროცენტის გადაჭარბების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, სტუდენტი კარგავს მიმდინარე სემესტრში ნაშრომის დაცვის უფლებას. (01-32, 27.03.2024)
- ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამის მიერ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებულ კვლევით კომპონენტში ტექსტური თანხვედრის დაფიქსირების შემთხვევაში, თემის ხელმძღვანელი ახდენს შემოწმებას და ამზადებს ანგარიშს ნაშრომში პლაგიატის შესახებ. თუ ნაშრომში არ აღმოჩნდა პლაგიატი, ამის შესახებ ხელმძღვანელი აკეთებს ჩანაწერს თავის დასკვნაში. თუ თემის ხელმძღვანელის მიერ დადასტურდება პლაგიატის არსებობა ან არსებობის ვარაუდი, საკითხის განხილვა მოხდება ამ წესის მე-7 და მე-8 მუხლების შესაბამისად. (01-86, 02.08.2018)
- საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამის ფარგლებში შესრულებული კვლევითი კომპონენტის ფარგლებში მომზადებულ ნაშრომზე, თემის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული დასკვნა და ანგარიში, სტუდენტის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, წარედგინება რეცენზენტებს, ექსპერტებს და დაცვის კომისიას. (01-86, 02.08.2018)
- თუ თემის ხელმძღვანელის ანგარიში ადასტურებს პლაგიატს, ავტორს უფლება აქვს გაითხოვოს ნაშრომი გადასამუშავებლად. გამოთხოვილი ნაშრომის გადამუშავებული ვარიანტის წარმოდგენა შესაძლებელია შემდეგ სემესტრში. ნაშრომის გათხოვა არ გამორიცხავს დისციპლინური ღონისძიებების გატარებას. (01-86, 02.08.2018)
მუხლი 7. პლაგიატის დადასტურება და შესაბამისი სანქცია საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომისთვის
- საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომთან დაკავშირებით, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული შემთხვევის დროს, ფაკულტეტის დეკანი რექტორთან შეთანხმებით განცხადებასა და თანდართულ მასალებს გადასცემს შესაბამისი კომპეტენციის პირს, რომელიც შეისწავლის ნაშრომს და 10 დღის ვადაში წარმოადგენს შესაბამის დასკვნას. დასკვნა განიხილება ფაკულტეტის სააპელაციო კომისიაზე, რომელზეც ასევე მოწვეულია ნაშრომის ავტორი თავისი პოზიციის წარმოსადგენად. პლაგიატის არსებობის/არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის სააპელაციო კომისია. (01-86, 02.08.2018)
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებით უქმდება ნაშრომი და ოქმი დისციპლინური პასუხისმგებლობისთვის გადაეგზავნება რექტორს. (01-86, 02.08.2018)
- რექტორის ბრძანებით დისციპლინური პასუხისმგებლობის სახედ გამოყენებული იქნება სტუდენტთა ეთიკის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე სანქცია.
მუხლი 8. პლაგიატის დადასტურება და შესაბამისი სანქცია დოქტორანტისა და აკადემიური პერსონალისათვის
- დოქტორანტის კვლევითი კომპონენტის ან სადოქტორო ნაშრომის, ასევე აკადემიური პერსონალის კვლევით საქმიანობაში პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში 10 დღის ვადაში რექტორის ბრძანებით იქმნება კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტებით, როგორც უნივერსიტეტის პერსონალისგან (თუკი არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი) ასევე გარეშე პირებიდან. (01-86, 02.08.2018)
- კომისია შეიმუშავებს საქმის წარმოების პროცედურას და საქმეში გარკვევის შემდეგ, ბრძანების გამოცემიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში გამოიტანს შესაბამის დასკვნას. კომისიის მუშაობა უნდა იყოს კონფიდენციალური და პლაგიატის დადასტურებამდე ზიანი არ უნდა მიაყენოს დოქტორანტის/მეცნიერის პრესტიჟს. (01-86, 02.08.2018)
- 3. კომისია ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორის წინაშე. კომისიის დასკვნის შესახებ ეცნობება მოთხოვნის დამრღვევ პირს (შემდგომში - „დამრღვევი“), ასევე საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებს (კვლევის პროექტის სპონსორს, პროექტზე მომუშავე ჯგუფის სხვა წევრებს და ა.შ.).
- 4. დამრღვევ პირს შესაძლებლობა ეძლევა საპასუხო სიტყვით წარსდგეს კომისიის წინაშე. იმ შემთხვევაში თუ დარღვევის ფაქტი არ დადასტურდება, უნივერსიტეტის რექტორი და შესაბამისი ფაკულტეტი აამოქმედებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს პირის სამეცნიერო რეპუტაციის აღსადგენად.
- ამ მუხლის 1-ლი პუქნტით გათვალისწინებული პირის მიმართ დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ნაშრომის გაუქმებასთან ერთად, დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება განისაზღვროს შემდეგი დისციპლინური სანქციები:
- მიეცეს გაფრთხილება;
- ავტორის ყველა სტატია გამოწვეულ იქნას და შემოწმდეს პლაგიატის ან ფალსიფიკაციის თვალსაზრისით;
- კვლევითი კომპონენტის ხელმეორედ გასავლელად იხდის დამატებით კრედიტის შესაბამის თანხას. (01-86, 02.08.2018)
- დაწესდეს სპეციალური მონიტორინგი მომავალ საქმიანობაზე;
- შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი (დოქტორანტის შემთხვევაში).
- განთავისუფლდეს აკადემიური თანამდებობიდან.
მუხლი 9. გასაჩივრება
- პლაგიატის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს აკადემიურ საბჭოში გადაწყვეტილების გამოტანიდან 15 დღის ვადაში.
- გასაჩივრება შესაძლებელია, თუ დამრღვევი პირი წარმოადგენს დარგის სპეციალისტის (შიდა ან გარე პროფესორი) მიერ წარმოდგენილ დასკვნას პლაგიატის ნორმების არარსებობის შესახებ.
- საჩივრის განხილვა ხდება აკადემიურ საბჭოზე საჩივრის შეტანიდან 15 დღის ვადაში.
- საჩივრის განხილვაზე მოიწვევა დამრღვევი პირი და საქმის განხილვაში მონაწილე ყველა პირი.
- აკადემიურ საბჭოზე განხილვა ხდება მხარეთა პოზიციების მოსმენით.
- აკადემიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე პირთა უმრავლესობით მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ნახევარისა.
- აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში.
მუხლი 10. დასკვნითი დებულებები
- აღნიშნულ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება უნივერსიტეტის კანცლერის ბრძანებით.
- უნივერსიტეტის სტუდენტები და პერსონალი ვალდებულნი არიან გაეცნონ წინამდებარე წესს, ხოლო ადმინისტრაცია ვალდებულია დოკუმენტი განათავსოს ვებგვერდზე.
- წინამდებარე წესი ძალას კარგავს ახლის დამტკიცების შემთხვევაში.
