• dateოქტომბერი 27, 2026
    time10:16 AM

    Vinifera EuroMaster-ის წარმომადგენელთა ვიზიტი

    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა 21 ოქტომბერს მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო საგანმანათლებლო კონსორციუმის - Vinifera EuroMaster (EMaVE) - წარმომადგენლებს უმასპინძლა.

    ფრანგული მხრიდან დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ „აგრო მონპელიეს“ (L’Institut Agro Montpellier) წარმომადგენლები: პროექტის დირექტორი ლორან ტორეგროსა (Laurent Torregrossa), პროექტის კოორდინატორი პატრის ლალმანი (Patrice Lalleman) და მეღვინეობის მიმართულების ხელმძღვანელი აურელი როლანდი (Aurélie Roland).

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან, კახაბერ კორძაიასთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი სვეტლანა კირაკოსიანი, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დეკანი ოლანი გოცირიძე და ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი დავით მაღრაძე. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ინსტიტუციური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და სტუდენტთა ინტერნაციონალიზაციისა და სტაჟირების გაფართოების საკითხები.

    ცნობისთვის, Vinifera EuroMaster აერთიანებს ევროპული უნივერსიტეტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების 16 სუბიექტს. კონსორციუმი ახორციელებს ორწლიან, ერთობლივ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მევენახეობისა და ენოლოგიის მიმართულებით. პროგრამის სასწავლო სტრუქტურის მიხედვით: პირველი სასწავლო წელი მიმდინარეობს საფრანგეთში, L’Institut Agro Montpellier-ში; მეორე სასწავლო წელს სტუდენტები სწავლას აგრძელებენ პარტნიორ უნივერსიტეტებში, სადაც ასრულებენ სადიპლომო ნაშრომებს. პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და უზრუნველყოფს ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობას, რაც ხელს უწყობს აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილების ინტერნაციონალიზაციას.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Vinifera EuroMaster-ს შორის თანამშრომლობა უკვე მეორე წელია აქტიურად მიმდინარეობს. პარტნიორობა მოიცავს ერთობლივ აკადემიურ ღონისძიებებს, CIU-ის სტუდენტების მობილობას პროგრამის ცალკეულ მოდულებზე და სტაჟირებას საფრანგეთის მეღვინეობის საწარმოებში.

    აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სასწავლო წელს პროგრამის ფარგლებში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის ხუთი სტუდენტი ჩაერთო მობილობის პროექტში. ისინი ამჟამად საფრანგეთში, ბორდოს რეგიონის მეღვინეობის საწარმოებსა და მეურნეობებში ეუფლებიან დარგის თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. გარდა ამისა, ფაკულტეტის ათამდე სტუდენტს მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო Vinifera EuroMaster-ის საზაფხულო/სასწავლო სკოლების მუშაობაში.

    სხვა სიახლეები