• dateივნისი 05, 2026
    time02:00 PM

    ვახტანგ წივწივაძე ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე, ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლითა და მადლიერების დიპლომით დაჯილდოვდა. საზეიმო ცერემონია 3 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაიმართა.

    ვახტანგ წივწივაძეს მაღალი ჯილდო მრავალწლიანი, უანგარო ქველმოქმედებისა და ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის განვითარებაში, ასევე არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

    დაჯილდოების შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან აქცენტი რევაზ ინანიშვილის შემოქმედებაზე გააკეთა, რომელიც, მისი თქმით, მთლიანად ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარულით არის ნასაზრდოები. ვახტანგ წივწივაძემ მწერლობის მხარდაჭერის აუცილებლობასა და საზოგადოებრივ ერთობაზე ისაუბრა: „მე საქართველო მიყვარს. ჩემი ვალია ვიყო ქართველი მწერლობის გვერდით, ვიყო იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც კალმით და ნიჭით მოაქვთ ერისათვის სიამაყე. ჩვენ კიდევ ბევრი გვაქვს საკეთებელი და არ შეიძლება ერთმანეთს მტრად მოვეკიდოთ. გისურვებთ გვიყვარდეს ერთმანეთი“.

    გამოსვლის დასასრულს ვახტანგ წივწივაძემ მადლობა გადაუხადა საღამოს ორგანიზატორებს აღიარებისა და დაჯილდოებისთვის.

    აღნიშნული ღონისძიება და მწერლისადმი მიძღვნილი წიგნი-ალბომის პრეზენტაცია გამომცემლობა „მერანის“, საქართველოს მწერალთა კავშირისა და მეცნიერებათა აკადემიის მხარდაჭერით მოეწყო. საიუბილეო საღამო შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, რომელმაც ვრცლად მიმოიხილა რევაზ ინანიშვილის შემოქმედების მნიშვნელობა და მისი შეუფასებელი როლი ქართული მწერლობის ისტორიაში.

    სიტყვით წარდგა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, მაყვალა გონაშვილი. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდამჭერ უწყებებს: საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებით საქართველოს“, ქალაქ თბილისის მერიასა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანებას, რომელთა თანადგომითაც შესაძლებელი გახდა საიუბილეო ინიციატივების მაღალ დონეზე განხორციელება.

    ღონისძიების ფარგლებში, კულტურისა და ლიტერატურის სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს რევაზ ინანიშვილის სახელობის პრემიები გადაეცათ.

    საიუბილეო საღამოს სამეცნიერო და შემოქმედებითი წრეების წარმომადგენლები, ლიტერატურათმცოდნეები და მწერლის შემოქმედების თაყვანისმცემლები ესწრებოდნენ.

    სხვა სიახლეები