ტრენინგი - „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“
6 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პრაქტიკული ტრენინგი თემაზე „ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში“, რომელსაც უძღვებოდა უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მზია კიკნაძე.
აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილ შეხვედრაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკულ გამოყენებაზე. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ტექსტის, საპრეზენტაციო მასალებისა და ვიზუალური კონტენტის გენერირების თანამედროვე პლატფორმებს, ასევე ინფორმაციის დამუშავებისა და მონაცემთა ანალიზის ავტომატიზებულ მეთოდებს. ლექციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეფექტიანი პრომპტინგის სტრატეგიებს - ხელოვნურ ინტელექტთან სწორი კომუნიკაციისა და დავალებების ზუსტად ფორმულირების პრინციპებს, რაც მაქსიმალურად ხარისხიანი შედეგის მიღების წინაპირობაა.
პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან ერთად, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხებს. მომხსენებელმა აუდიტორიასთან ერთად განიხილა კვლევებში AI-ის გამოყენების ეთიკური ჩარჩოები და პლაგიატის პრევენციის თანამედროვე მიდგომები. ამ კონტექსტში, მონაწილეები დეტალურად გაეცნენ AI-დეტექტორების ფუნქციურ შესაძლებლობებსა და მათ რეალურ შეზღუდვებს, რაც აკადემიურ სივრცეში ტექნოლოგიების პასუხისმგებლიანი გამოყენებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს.
ღონისძიება ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა უნივერსიტეტში მსგავსი ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისა და აკადემიური პერსონალის უწყვეტი განვითარების მნიშვნელობას. აღნიშნული შეხვედრა საგანმანათლებლო კვირეულის - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - ფარგლებში გაიმართა.
სხვა სიახლეები
ივლისი 07, 2026
02:00 PM
თამარ თაგვაძის დისერტაციის დაცვა
7 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ თაგვაძის დისერტაციის საჯარო დაცვა თემაზე: „ქართული ემიგრანტული პრესის სათავეებთან - გაზეთი „საქართველო“.
ივლისი 07, 2026
01:00 PM
CIU-ს მეღვინეობა „ეთნო ოკამის“ ღვინოების აღიარება
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის - WineExpo Georgia 2026 - ფარგლებში, ტრადიციულად, გაიმართა საერთაშორისო კონკურსი Georgia International Wine Awards 2026, სადაც კომპეტენტურმა სადეგუსტაციო ჟიურიმ საუკეთესო ღვინოები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინა.
ივლისი 06, 2026
08:00 AM
CIU-ში კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
3 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო კვირეული - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის წარდგენით გაიხსნა.




