„თბილისის გიდი“ - პროფესიული გადამზადების პროგრამის გახსნა
16 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კამპუსში პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული გადამზადების პროგრამის „თბილისის გიდი“ გახსნის ღონისძიება გაიმართა.
პროგრამა ხორციელდება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობა“ - პროექტის „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში.
მიმდინარე სასწავლო კურსზე 11 მსმენელია ჩართული, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, დამატებითი რაოდენობის ფარგლებში ჩაირიცხა.
პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების ხელშეწყობა. კერძოდ, პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ერთ საუკეთესო კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება, ანაზღაურებადი სტაჟირება გაიაროს უნივერსიტეტის პარტნიორ ტურისტულ კომპანიაში - „ნიუკაზი“. აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო აძლიერებს პროგრამის პრაქტიკულ და დასაქმებაზე ორიენტირებულ ხასიათს.
სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საველე გასვლები თბილისის სხვადასხვა ტურისტულ და კულტურულ ობიექტზე, რაც მსმენელებს შესაძლებლობას მისცემს, განივითარონ კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ტურისტულ ჯგუფებთან მუშაობისა და მარშრუტების დაგეგმვისა და წარმართვის პრაქტიკული უნარები.
აღსანიშნავია, რომ პროგრამის გახსნის ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კამპუსში გაიმართა. ღონისძიების ამ სივრცეში ჩატარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თბილისის მომავალი გიდების პროფესიული მომზადებისა და ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნების თვალსაზრისით, ვინაიდან ქართული ღვინო, მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
კამპუსი მსმენელებს, მომავალში კი ტურისტებს, შესაძლებლობას სთავაზობს, ადგილზე გაეცნონ მევენახეობა-მეღვინეობის სრულ ციკლს - ვენახის გაშენებიდან ყურძნის გადამუშავებასა და ღვინის წარმოებამდე, ხარისხის მართვასა და ღვინის მარკეტინგამდე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ტრადიციული მეღვინეობის, ქვევრის ღვინის წარმოების ტექნოლოგიისა და დარგში დანერგილი თანამედროვე ინოვაციური მიდგომების გაცნობას.
უნივერსიტეტის ეს გამოცდილება მნიშვნელოვანი რესურსია მომავალი გიდებისთვის, რათა მათ შეძლონ ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის სათანადოდ წარმოჩენა, ტურისტული მარშრუტების შინაარსობრივი გამდიდრება და ქართული ღვინის კულტურის პოპულარიზაცია.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ორენოვანი სერტიფიკატი, შესაბამისი დანართით.
პროგრამაზე შესარჩევ გასაუბრებებს და ღონისძიებას ესწრებოდნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორები: ქეთევან შოშიაშვილი, ლალი მიქელაძე, მარინე უგულავა, პროფესიული განათლების ცენტრის დირექტორი - თეა ოსეფაშვილი, ა(ა)იპ „მომავლის ლიგის“ წარმომადგენელი - ნინი ახვლედილიანი, სტაჟირების პროგრამის პარტნიორი ტურისტული კომპანიის „ნიუ კაზ ტურიზმის“ დირექტორი - ქეთი მელაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი მარიშა ბოლქვაძე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიული საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას, რაც ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებას, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების ზრდასა და თბილისის, როგორც მრავალფეროვანი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციას.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 19, 2026
02:33 PM
კომპანია GOGEX-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა ტურიზმის ლაბორატორიაში
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელი ლექტორის, ასოცირებული პროფესორის, ლალი ოქროცვარიძის ორგანიზებით, სასწავლო კურსის „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ ფარგლებში, ტურიზმის ლაბორატორიაში მეოთხე კურსის სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა სატრანსპორტო კომპანია GOGEX-ის ხელმძღვანელ გოგა გოგავასა და მარკეტინგის მენეჯერ ნათია გუგბერიძესთან.
ნოემბერი 19, 2026
02:26 PM
გიორგი გოგოხიას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
18 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი გოგოხიას დისერტაციის დაცვა თემაზე: „მედია და თანამედროვე საარჩევნო სისტემები“.
ნოემბერი 19, 2026
12:30 PM
CIU საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმზე - „Going Global 2026“
17-19 ნოემბერს, British Council-ის ორგანიზებით, სტამბოლში საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმი - „Going Global 2026 - Future-ready tertiary education“ - გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ვიცე-რექტორმა თამარ ინასარიძემ მიიღეს მონაწილეობა.
















