CIU საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმზე - „Going Global 2026“
17-19 ნოემბერს, British Council-ის ორგანიზებით, სტამბოლში საერთაშორისო საგანმანათლებლო ფორუმი - „Going Global 2026 - Future-ready tertiary education“ - გაიმართა, სადაც უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ და ვიცე-რექტორმა თამარ ინასარიძემ მიიღეს მონაწილეობა.
CIU-ს წარმომადგენლები ფორუმის ფარგლებში კონფერენციასა და პანელურ სესიებს დაესწრნენ, რომლებიც უმაღლესი განათლების სისტემების განვითარებას, თანამედროვე გამოწვევებსა და განათლების მომავალს უკავშირდებოდა.
ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება უმაღლესი განათლების სისტემებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირება იყო. აღნიშნულ საკითხზე გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ. მან უცხოელ კოლეგებს წარუდგინა სამინისტროს ხედვა განათლების სისტემაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების გამოწვევებზე და საკანონმდებლო ჩარჩოს აუცილებლობაზე. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ევროპის საბჭოს ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების ავტომატური აღიარების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე განათლებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელო დოკუმენტის - „AI Compass for Education“ შემუშავების პროცესში ქვეყნის ჩართულობაზე. დისკუსიის მონაწილეებმა უმაღლეს განათლებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის ეროვნული სტრატეგიები, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების პერსპექტივები განიხილეს. ფორუმს ასევე ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ლაშა მარგიშვილი.
„Going Global 2026“ საერთაშორისო პლატფორმაა, რომლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და მომავლის გამოწვევების გათვალისწინებით მათი განვითარების ხელშეწყობა. ფორუმში მონაწილეობდნენ გაერთიანებული სამეფოს, თურქეთის, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების უმაღლესი განათლების სფეროს წარმომადგენლები, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელი პირები, უნივერსიტეტების რექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
საერთაშორისო ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი და ვიცე-რექტორი ასევე დაესწრნენ შოტლანდიის ბრიტანეთის საბჭოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო წვეულებას - „Connecting Scotland to Türkiye and Wider Europe Reception“, რომელიც შოტლანდიას, თურქეთსა და ფართო ევროპულ სივრცეს შორის ურთიერთობებისა და პარტნიორული კავშირების გაღრმავებას მიეძღვნა.
საერთაშორისო ღონისძიებებში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მონაწილეობა ხელს უწყობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში პოზიციონირებას, გამოცდილების გაზიარებასა და ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 19, 2026
02:33 PM
კომპანია GOGEX-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა ტურიზმის ლაბორატორიაში
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის განმახორციელებელი ლექტორის, ასოცირებული პროფესორის, ლალი ოქროცვარიძის ორგანიზებით, სასწავლო კურსის „ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი“ ფარგლებში, ტურიზმის ლაბორატორიაში მეოთხე კურსის სტუდენტებთან გაიმართა შეხვედრა სატრანსპორტო კომპანია GOGEX-ის ხელმძღვანელ გოგა გოგავასა და მარკეტინგის მენეჯერ ნათია გუგბერიძესთან.
ნოემბერი 19, 2026
02:26 PM
გიორგი გოგოხიას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
18 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი გოგოხიას დისერტაციის დაცვა თემაზე: „მედია და თანამედროვე საარჩევნო სისტემები“.
ნოემბერი 18, 2026
01:59 PM
CIU-ს პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა ოქსფორდში
17 ნოემბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის შემსწავლელ როიტერსის ინსტიტუტში საერთაშორისო კვლევითი პროექტის - „ინფორმაციული ომის წინა ხაზზე: რისკი და მდგრადობა გლობალური კონფლიქტების ჟურნალისტიკაში“ პრეზენტაცია გაიმართა.







