• dateნოემბერი 18, 2026
    time01:59 PM

    CIU-ს პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის კვლევის წარდგენა ოქსფორდში

    banner

    17 ნოემბერს, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის შემსწავლელ როიტერსის ინსტიტუტში საერთაშორისო კვლევითი პროექტის - „ინფორმაციული ომის წინა ხაზზე: რისკი და მდგრადობა გლობალური კონფლიქტების ჟურნალისტიკაში“ პრეზენტაცია გაიმართა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს პროექტში წარმოადგენდა კვლევის თანაავტორი, მედიის პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი.

    გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო კვლევით პროექტში CIU-ის ჩართულობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა პროექტის ფინანსურ მხარდამჭერებსა და კოლეგებს - ადრიან ჰადლანდს, თარა პიქსლისა და მარტინ სმით-როდენს თანამშრომლობისა და ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობისთვის.

    კვლევა 200-ზე მეტი კონფლიქტის ჟურნალისტთან ჩატარებულ ინტერვიუებს ეფუძნება. პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა კვლევის მესამე თავის - „ტექნოლოგიების გავლენის“ - ძირითადი მიგნებები წარადგინა, განსაკუთრებული ყურადღება კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას დაეთმო.

    კვლევის თანახმად, ხელოვნურ ინტელექტს რესპონდენტთა მხოლოდ 12,6% იყენებს, ძირითადად, თარგმნისა და რედაქტირების მიზნით. მისი დანერგვის მთავარ ბარიერებად სიზუსტე და სანდოობა (85,2%), ასევე ეთიკური საკითხები (77,8%) დასახელდა და არა ფინანსური დანახარჯები. ამასთან, მედიაორგანიზაციების მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ტრენინგი ჟურნალისტების მხოლოდ 14%-ს აქვს გავლილი.

    კვლევაში განხილულია დრონების გამოყენების საკითხიც. აღინიშნა, რომ მათი გამოყენება წყაროს კონფიდენციალურობის დაცვას ართულებს, თუმცა ჟურნალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ დრონები უფრო უსაფრთხო და სრულყოფილი გაშუქების შესაძლებლობას იძლევა და ისეთ ადგილებზე წვდომას უზრუნველყოფს, რომელთა მიღწევაც სხვა საშუალებებით რთულია.

    კვლევის მიგნებების თანახმად, თანამედროვე ტექნოლოგიები ჟურნალისტიკისთვის ერთდროულად გამოწვევაცაა და შესაძლებლობაც. ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ტექნოლოგიების სწორად დანერგვის მიმართულებით ინსტიტუციური მხარდაჭერა, ტრენინგები და ორგანიზაციული პოლიტიკა.

    პრეზენტაციას მკვლევრებსა და საერთაშორისო ექსპერტებს შორის დისკუსია მოჰყვა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დონორები პროექტის შედეგებით კმაყოფილნი არიან და მიიჩნევენ, რომ შექმნილი რესურსი მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სამეცნიერო წრეებსა და მედიაორგანიზაციებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

    სხვა სიახლეები