• dateმაისი 04, 2026
    time02:20 PM

    სასწავლო-შემეცნებითი ტური

    banner

    1-3 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სომხეთის რესპუბლიკაში სასწავლო-შემეცნებითი ტური გაიმართა. აღნიშნული ინიციატივა რექტორის მრჩეველს, ასოცირებულ პროფესორ გიორგი ფარეშიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ვიზიტის განმავლობაში სტუდენტთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

    სასწავლო ვიზიტის პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი აღმოჩნდა. სტუდენტებმა მოინახულეს ისტორიულ ლორეს ხეობაში მდებარე ახტალისა და ქობაირის მონასტრები, რომლებიც რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს წარმოადგენს. ტური გაგრძელდა სომხეთის სულიერ ცენტრში - წმინდა ქალაქ ეჩმიაძინში, რასაც მოჰყვა გეღარდის უძველესი სამონასტრო კომპლექსისა და გარნის ელინისტური პერიოდის წარმართული ტაძრის დათვალიერება.

    ისტორიული ძეგლების პარალელურად, სტუდენტები გაეცნენ სომხეთის დედაქალაქის, ერევნის კულტურულ ცხოვრებასა და ღირსშესანიშნაობებს. ვიზიტის დასკვნითი ნაწილი განსაკუთრებით სიმბოლური აღმოჩნდა: ჯგუფმა დაათვალიერა დიდი თბილისელი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი, რაც ერთგვარი კულტურული ხიდია ორ ქვეყანას შორის.

    სასწავლო ტური სევანის ტბის გავლით თბილისში დაბრუნებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ შემეცნებითი ტურების მოწყობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

    სხვა სიახლეები