• dateდეკემბერი 12, 2025
    time11:30 AM

    საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.

    კონფერენციის მთავარი მიზანი იყო დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, კლიმატგამძლე განვითარების პროცესში საზღვრისპირა თანამშრომლობისა და მედიაპარტნიორობების როლის ხაზგასმა, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და გრძელვადიანი რეგიონული კვლევისა და საგანმანათლებლო ქსელის საფუძვლის შექმნა.

    კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამულ სივრცეში გაიხსნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს CIU-ს რექტორმა კახაბერ კორძაიამ, JRC-ის ხელმძღვანელმა ნათია კუპრაშვილმა, CIU-ს კანცლერის მრჩეველმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ და ALCP პროგრამის ხელმძღვანელმა ჰელენ ბრედბერმა.

    CIU-ს რექტორმა, კახაბერ კორძაიამ ხაზი გაუსვა კლიმატის ცვლილებისა და აგროსექტორის მიმართულებით ზუსტი, ფაქტებზე დაფუძნებული საინფორმაციო პოლიტიკის წარმოების მნიშვნელობას: „კლიმატის ცვლილება გლობალური გამოწვევაა... ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამდე მივიდეს ზუსტი და გასაგები ინფორმაცია... ამ პროცესის წარმატებაში წვლილის შეტანა უნივერსიტეტებსა და მედიას ერთობლივად შეუძლია - უნივერსიტეტები ქმნიან ახალ ცოდნას, ხოლო მედია პასუხისმგებელია, რომ ეს ცოდნა მოსახლეობამდე მიიტანოს.“

    ნინო ჭალაგანიძემ აღნიშნა, რომ CIU დიდი ხანია აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე. პირველი ნაბიჯი იყო სახელმძღვანელო „აგროჟურნალისტიკა“, რომელიც ხუთ ენაზე გამოიცა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მედიასკოლებში დაინერგა. მან დაადასტურა, რომ კონფერენციის მიზანია აუდიტორიამდე პრობლემების მიტანის გზების დასახვა, რათა მომავალში საზოგადოებამ ბუნების მიმართ ქცევა შეცვალოს.

    ჰელენ ბრედბერმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ კლიმატთან ადაპტაციის საკითხების გაშუქება აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელთა ცხოვრება სოფლის მეურნეობას უკავშირდება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    კონფერენცია ორ სესიად წარიმართა. საერთო პლენარულ სესიაში, რომელსაც ნათია კუპრაშვილმა გაუწია მოდერაცია, მონაწილეობდნენ ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი მეცნიერები. მათ აუდიტორიას გააცნეს დარგობრივი კვლევის შედეგები კლიმატგონივრული ჟურნალისტიკისა და აგროსექტორის გაშუქების შესახებ.

    ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა ორ პარალელურ მოდულს: სამეცნიერო კვლევები (მოდერატორი: ნინო ჭალაგანიძე) - კონფერენციაზე 15 სამეცნიერო ნაშრომი იყო წარმოდგენილი, რომლებიც ეხებოდა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ პრობლემებს და მათ სოციო-ეკონომიკურ შედეგებს; სტუდენტური სესიები (ხელმძღვანელი: ნინა ხელაძე, JRC) -  სტუდენტების აქტიური ჩართულობა მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მკვლევრების წარმოჩენას და კლიმატგონივრულ ჟურნალისტიკაში ცნობიერების ამაღლებასა და ინოვაციების დანერგვას.

    კონფერენციის ფარგლებში, 11 დეკემბერს, აუდიოვიზუალურ სივრცე „ჰოლიზეუმში“ მოეწყო პლენარული სესია, რომლის მთავარი თემა იყო „მედიის ჩართულობა კლიმატგონივრულ ამბისთხრობაში: აგრომეურნეობისა და აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივები“. აღნიშნულ დისკუსიაში ჩართულნი იყვნენ დარგობრივი ასოციაციების, აკადემიური წრეებისა და მედიაორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლები.

    კონფერენციის დასკვნით ნაწილს წარმოადგენდა საერთაშორისო მედიაკონკურსის გამარჯვებულების გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია. ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) გამოავლინა ის სამხრეთ კავკასიელი ჟურნალისტები, რომლებმაც კლიმატის ცვლილების, მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი განვითარების საკითხები ყველაზე ეფექტურად გააშუქეს. პრიზები გადაეცათ: ნანუკა მეშველაშვილს; სამირა ბაირამოვას; ხაჩიკ დანიელიანს; ანჟელა სტეფანიანს.

    კონფერენციის დასკვნით დღეს ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ღონისძიების სტრატეგიულ მნიშვნელობას კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის განვითარებისა და რეგიონული საგანმანათლებლო ქსელის გაძლიერების პროცესში. კანცლერი დაჯილდოების ნაწილშიც ჩაერთო და ერთ-ერთი გამარჯვებული მონაწილე პირადად დააჯილდოვა.

    აღსანიშნავია, რომ კონკურსზე 100-მდე ნამუშევარი შემოვიდა, რაც კლიმატური ცვლილებებისა და გარემოსდაცვით საკითხებზე მედიის მხრიდან მაღალ ინტერესზე მიუთითებს. გამარჯვებული კონკურსანტების ნაშრომები ინტეგრირებული იქნება კლიმატური ცვლილებების გაშუქების სასწავლო მოდულებში.

    ღონისძიების დასასრულს, კონფერენციის თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო შერჩეული სტატიები სამეცნიერო გამოცემაში დაიბეჭდება.
     

    სხვა სიახლეები