8-12 ივნისს, Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბალტიის საერთაშორისო აკადემიის (ლატვია) წარმომადგენლები, პროფესორი არტურ უზბეკოვი და საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი, ელენა უზბეკოვა ეწვივნენ. ვიზიტი ერთდროულად ორმხრივ ფორმატს მოიცავდა და მიზნად ისახავდა როგორც აკადემიურ (Staff Mobility for Teaching), ისე ადმინისტრაციულ (Staff Mobility for Training) თანამშრომლობას.
ბალტიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლებმა პირველი ოფიციალური შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, სვეტლანა კირაკოსიანთან გამართეს. მოგვიანებით სტუმრები ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ქეთევან ნანობაშვილსა და პროგრამის ხელმძღვანელს, ნინო რუხაია-მოსემღვდლიშვილს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ადმინისტრაციული მობილობის ფარგლებში, ელენა უზბეკოვამ სამუშაო შეხვედრები გამართა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან: საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან და უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უცხოელ სტუდენტთა რეკრუტირების სამსახურთან; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის საერთაშორისო მარკეტინგისა და კომუნიკაციის კოორდინატორთან.
აკადემიური მობილობის ფარგლებში, პროფესორმა არტურ უზბეკოვმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ინტერაქციული ლექციების ციკლი ჩაატარა.
9 ივნისს გამართულ შეხვედრაზე პროფესორმა სტუდენტებს გააცნო ელექტრონული ფინანსების (E-Finance) საფუძვლები, ხელოვნური ინტელექტის (AI) დეფინიცია და მისი პრაქტიკული გამოყენება ფინანსებში. ასევე, ყურადღება გამახვილდა ისეთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, როგორებიცაა დიდი მონაცემები (Big Data), ნივთების ინტერნეტი (IoT) და ბლოკჩეინ ტექნოლოგიები. 10 ივნისს კი ლექცია დაეთმო ERP (Enterprise Resource Planning) სისტემებსა და მათ როლს თანამედროვე კომპანიების მართვაში. სტუდენტებმა დეტალურად განიხილეს SAP, Oracle და სხვა წამყვანი ERP სისტემების ტიპები და მუშაობის სპეციფიკა.
ვიზიტის ოფიციალური ნაწილი 10 ივნისს, სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონიალით დასრულდა.
აკადემიური და სამუშაო შეხვედრების პარალელურად, სტუმრებისთვის მოეწყო კულტურული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მათ საქართველოს ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.