• dateივნისი 12, 2026
    time01:00 PM

    „ქრისტიანული ერთობის 1700 წელი საქართველოში“ - კონფერენცია

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    11 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. აღნიშნული ისტორიული თარიღი უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ქვეყნის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში, რის გამოც 2026 წლის განმავლობაში მის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით არაერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა დაგეგმილი.

    კონფერენციის დაწყებამდე, საპატიო სტუმრები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერს, ვახტანგ წივწივაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე კანცლერმა ხაზი გაუსვა მსგავსი სამეცნიერო ინიციატივების მნიშვნელობას და უნივერსიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა დაადასტურა.

    სამეცნიერო კონფერენცია ოფიციალურად გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ. დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ვახტანგ თაქთაქიძემ და პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა. ღონისძიების მოდერატორი და საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი.

    კონფერენციის ფარგლებში მუშაობა წარიმართა ორ სესიად, სადაც მომხსენებლებმა სხვადასხვა დისციპლინურ ჭრილში განიხილეს ქრისტიანობის როლი: ისტორიული კონტექსტი, სოციალური გავლენა და თანამედროვეობა; ქრისტიანული ხელოვნება, არქიტექტურა, ლიტერატურა და ფილოსოფია.

    აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, მოხსენებებით წარდგნენ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტები. 

    ღონისძიების ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საგანმანათლებლო პარტნიორობის გაღრმავებისკენ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. დოკუმენტი ითვალისწინებს ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის ერთობლივი სამეცნიერო და საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას.

    კონფერენციის დასასრულს, მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. 

    კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი “LOGOS“ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

    სხვა სიახლეები