• dateოქტომბერი 12, 2026
    time12:00 PM

    პროფესორ ვახტანგ მაისაიას საერთაშორისო აღიარება და წარმატებული აკადემიური ვიზიტები პოლონეთსა და ინდოეთში

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, „გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების კვლევების“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია საერთაშორისო აკადემიურ ასპარეზზე საქმიანობას აქტიურად განაგრძობს.

    2-5 ოქტომბერს, პროფესორი ვახტანგ მაისაია, ამავე პროგრამის უსაფრთხოების კვლევების აკადემიურ წარმომადგენელთან, ასოცირებულ პროფესორ ეკა ბერაიასთან ერთად, პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ ოსტროვიეც-სვეტოკშისკში იმყოფებოდა. CIU-ს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის სტრატეგიული პარტნიორის - იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის დაარსების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებებში. აღნიშნულ ინსტიტუციასთან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მრავალი ერთობლივი პროექტი, მათ შორის „ერასმუს+“ პროგრამა აკავშირებს.

    საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელსაც პოლონეთის ხელისუფლების, მაღალი აკადემიური წრეებისა და პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ქართველმა პროფესორებმა დამსწრე საზოგადოებას პოლონურ და ინგლისურ ენებზე მიმართეს და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ კახაბერ კორძაიას ოფიციალური მისალოცი წერილი გადასცეს. აკადემიური ვიზიტის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს წარმოადგენს ვახტანგ მაისაიას პოლონური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში (სეიმში) გაწევრიანება და აფილირებულ პროფესორად არჩევა, სადაც იგი გეოპოლიტიკისა და გეოსტრატეგიის კურსებს გაუძღვება.

    ევროპულ წარმატებამდე პროფესორმა მაისაიამ ნაყოფიერი აკადემიური პერიოდი აზიის კონტინენტზეც გაატარა. ზაფხულში, ინდოეთის რესპუბლიკაში ორთვიანი აკადემიური მივლინების შედეგად, ქვეყნის განათლების ეროვნული აკრედიტაციის ინსტიტუციის საერთაშორისო ექსპერტად დასახელდა განათლების პოლიტიკის საკითხებში. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო ჩანდიგარის უნივერსიტეტში (მოჰალი, პენჯაბის შტატი) გამართულ საერთაშორისო სემინარში, სადაც ინდოელი და საერთაშორისო აკადემიური წრეების წარმომადგენლებისთვის სპეციალური ტრენინგები და სწავლებები ჩაატარა.

    სხვა სიახლეები