• dateაპრილი 01, 2026
    time01:30 PM

    ლექცია: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „საქართველო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები“. მოწვეულმა სპიკერმა, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი მაღლაკელიძემ, აუდიტორიას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში გლობალური ფინანსური მოთამაშეების როლი გააცნო.

    ლექციის ძირითადი ნაწილი დაეთმო საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (IFIs) ფუნქციონირების ანალიზს. მომხსენებელმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ უზრუნველყოფენ ეს ორგანიზაციები განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ მხარდაჭერას, ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და სიღარიბის შემცირებას ფინანსური და საკონსულტაციო დახმარების გზით.

    გიორგი მაღლაკელიძემ თხრობისას მიმოიხილა ისეთი გლობალური მოთამაშეების საქმიანობა, როგორიცაა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია განათლებისა და ჯანდაცვის გრძელვადიან პროექტებზე, და საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის პრიორიტეტი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისა და ვალუტის კურსის სიმყარის შენარჩუნებაა.

    განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროპულ და რეგიონულ ინსტიტუტებზეც. ექსპერტმა აღნიშნა, რომ EBRD და EIB აქტიურად უწყობენ ხელს საქართველოში კერძო სექტორის გაძლიერებას, ენერგოეფექტურობასა და მცირე ბიზნესის განვითარებას, ხოლო აზიის განვითარების ბანკი (ADB) მნიშვნელოვან რესურსს დებს რეგიონის ეკონომიკურ ზრდაში.

    შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მსგავსი ტიპის თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოს საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებთან ინტეგრაციისა და ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების პროცესში.

    შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია ესწრებოდა. აუდიტორიას ლექციის დაწყებამდე მისასალმებელი სიტყვით ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ნანობაშვილმა მიმართა. ღონისძიებას სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.

    სხვა სიახლეები