• dateმაისი 21, 2026
    time08:00 AM

    დოკუმენტური ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - პრეზენტაცია

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    20 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პანორამულ სივრცეში მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური ფილმების ციკლის - „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ - პრეზენტაცია გაიმართა.

    ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, აღმასრულებელი დირექტორი, საბჭოს წევრები და დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტუმართა შორის იყვნენ „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ასევე, აკადემიური წრეების, კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ადმინისტრაცია და პროფესურა. 

    პრეზენტაცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა. აუდიტორიას პროექტი CIU-ს კანცლერის მრჩეველმა აკადემიური მიმართულებით, მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჭალაგანიძემ წარუდგინა. დოკუმენტური ფილმების ციკლის იდეის ინსპირაციასა და შემოქმედებით ასპექტებზე მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ სულხან მელაძემ ისაუბრა.

    შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებამ პროექტის ვიდეოანოტაცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ბონის შემოღებისადმი მიძღვნილი სერია იხილა.

    ვიდეოპრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ მიმართეს. დამსწრე საზოგადოებას შთაბეჭდილებები გაუზიარეს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ კაკულიამ, რომლებიც 1993-1995 წლებში საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ამპლუაში აქტიურად მონაწილეობდნენ ეროვნული ვალუტის შემოღების პროცესში. 

    მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. ციკლი საქართველოში ეროვნული ვალუტის (ლარი) შემოღებიდან 30 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ბაზაზე განხორციელებული მედიაპროექტი აუდიტორიას დაწვრილებით მოუთხრობს ქართული ფულის ოცდაექვსსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ - ანტიკური ეპოქიდან დღემდე, კოლხური თეთრიდან ლარამდე.

    სამეცნიერო-პოპულარული, დოკუმენტური ფილმების ციკლი 30 ნაწილისგან შედგება. თითოეულის ქრონომეტრაჟი 5-დან 15 წუთამდე მერყეობს. ყოველი ნაწილი შინაარსობრივი და აუდიოვიზუალური მახასიათებლებით დამოუკიდებელი ფილმია, რომელიც ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთს ასახავს. 

    მედიაპროექტი მოიცავს ინფორმაციას საქართველოში ქართული ფულის ემისიისა და უცხოური ფულის მიმოქცევის, მეფე-მთავართა ნუმიზმატიკური მემკვიდრეობის, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ქართული ნუმიზმატიკის, როგორც სამეცნიერო დარგის განვითარების, საქართველოში საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბების, საქართველოს ფულად-საკრედიტო ისტორიის, მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე ისტორიული პროცესებისა და გამოწვევების შესახებ.

     „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ საქართველოს ფულად-საკრედიტო ისტორიის, საბანკო-საფინანსო განვითარებისა და ეროვნული ვალუტის ტრანსფორმაციის შესახებ არსებულ სანდო, დოკუმენტურად დამოწმებულ მასალათა სისტემატიზაციისა და ვიზუალური რეპრეზენტაციის ერთ-ერთ პირველი, მასშტაბური მცდელობაა. მედიაპროექტზე მუშაობისას დამუშავდა 30-მდე სამეცნიერო წყარო და პერიოდული გამოცემა. ფილმებში გამოყენებულია საქართველოს სიძველეთსაცავებში დაცული საარქივო მასალები, არტეფაქტები და ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა.

     „ქართული ფულის თავგადასავალი - 30 ამბავი“ სრულად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფინანსებით, მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განხორციელდა. 

    სხვა სიახლეები