• dateივლისი 09, 2025
    time12:30 PM

    CIU-ს სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტი მოსწავლეებისთვის “მე ვიხეხავ კბილებს“

    banner

    4 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალსოფლის საჯარო სკოლაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა წარმატებით განახორციელეს სოციალური და საგანმანათლებლო პროექტი - „მე ვიხეხავ კბილებს“. ინიციატივა მიზნად ისახავდა მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებისთვის პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის გაცნობასა და ჯანსაღი ჩვევების ფორმირებას ადრეული ასაკიდან.


    აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებული მარიამ აბაშიძე დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტია და ისიც აქტიურად მონაწილეობდა პროექტის ორგანიზებასა და განხორციელებაში.


    პროექტი განხორციელდა საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის, სააფთიაქო ქსელი „ავერსის“ და პირის ღრუს მოვლის გერმანული ბრენდის „ლაკალუტის“ მხარდაჭერით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები ლელა გრიგოლია და ვერა ხუნძაკიშვილი.

    ვირთული იყო როგორც ინფორმაციული, ისე ინტერაქციული ელემენტებით: ბავშვებმა მოისმინეს პრეზენტაცია პირადი ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ, მიიღეს მონაწილეობა სახალისო ვიქტორინებში და საკუთარი აქტიურობით განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვეს.


    სკოლის დირექტორის, ტარიელ მიქელაძისა და პედაგოგიური გუნდის მხარდაჭერით, ტრენინგი წარმატებით განხორციელდა, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელი დასრულებული იყო. შეხვედრის შემდეგ, სკოლის დირექცია განსაკუთრებული მადლიერებით გამოეხმაურა უნივერსიტეტს პროექტის განხორციელებისთვის და ხაზი გაუსვა სტუდენტების მაღალი პროფესიული მომზადების დონეს.


    ბავშვების გულწრფელმა ინტერესმა და ჩართულობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ჩვევების განვითარებასა და საერთო კეთილდღეობას. მსგავსი საგანმანათლებლო პროექტები მნიშვნელოვანი ნაბიჯია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების სფეროში მდგრადი განვითარების ხელშესაწყობად.
     

    სხვა სიახლეები