• dateმაისი 07, 2026
    time02:00 PM

    CIU-ს დოქტორანტების ვიზიტი ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში (ბულგარეთი)

    banner

    17-28 აპრილს, ბულგარეთმა, კერძოდ კი ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ათ მკვლევარს უმასპინძლა. მასობრივი კომუნიკაციის, პოლიტიკის მეცნიერების, ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ, მოკლევადიან გაცვლით პროგრამაში.

    ვიზიტის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგები ისეთ ფუნდამენტურ საკითხებს დაეთმო, როგორიცაა აკადემიური კომუნიკაცია, კვლევითი უნარები და პროფესიული განვითარება. აღნიშნული კურსის მთავარი ფოკუსი მონაწილეთა კვლევითი კომპეტენციების გაძლიერება და მათი საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. დოქტორანტებს საშუალება ჰქონდათ არა მხოლოდ დასწრებოდნენ თემატურ ლექციებსა და სამუშაო შეხვედრებს, არამედ თავადაც გამხდარიყვნენ აკადემიური პროცესის აქტიური მონაწილეები: მათ წარადგინეს საკუთარი სადოქტორო კვლევები, ჩაერთნენ საერთაშორისო დისკუსიებში და გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს.

    პროგრამის ფარგლებში დოქტორანტებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს. მათ კოლეგებს გააცნეს უნივერსიტეტის საერთაშორისო და კვლევითი საქმიანობა, ხაზი გაუსვეს აკადემიურ პრიორიტეტებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც CIU სთავაზობს ახალგაზრდა მკვლევრებს. აკადემიური დატვირთვის პარალელურად, ვიზიტი მოიცავდა კულტურულ შემეცნებით კომპონენტსაც - ექსკურსიებისა და სპეციალური აქტივობების საშუალებით, მონაწილეები ახლოს გაეცნენ ბულგარეთის ისტორიასა და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამომავლო აკადემიურ საქმიანობაში მხარდაჭერას უცხადებს დოქტორანტებს: დიმიტრი კობიაშვილს; თეო იორდანიშვილს; ნინო ფირცხალავას; ანა ალელიშვილს; ნათია თევზაძეს; გიორგი მუკბანიანს; ია ნადირაშვილს; მარიამ ბაზერაშვილს; ნანა მაღლაკელიძეს; ერეკლე იანტბელიძეს.

    მსგავსი საერთაშორისო აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტი ორიენტირებულია მაღალი სტანდარტის სამეცნიერო გარემოს შექმნასა და დოქტორანტების გლობალურ აკადემიურ საზოგადოებაში ღირსეულ დამკვიდრებაზე.

    სხვა სიახლეები