მომავალი მედიკოსებისთვის კარდიოქირურგიული ვორქშოპი „CardioCore“ ჩატარდა
12 ივლისს, ორგანიზაცია MCO-ის ორგანიზებით, გაიმართა მასშტაბური ვორქშოპი - „CardioCore: კარდიოლოგიური ანატომია და ქირურგიული უნარები“, რომელშიც მონაწილეობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის 85-მდე უცხოელმა სტუდენტმა მიიღო.
ინტენსიური პროგრამა სრულად იყო დატვირთული როგორც თეორიული, ისე უნიკალური პრაქტიკული კომპონენტებით. ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ლექტორის, ექიმ მარიამ თეთრაძის სალექციო კურსით გაიხსნა. მან სტუდენტებს გულის ანატომიისა და მისი კლინიკური მნიშვნელობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლექციის დასრულებისთანავე, მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად, ინტერაქციული ქვიზი ჩატარდა.
ვორქშოპის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს 3D ვიზუალიზაციის პროგრამის გამოყენება წარმოადგენდა. მისი მეშვეობით სტუდენტებმა გულის ანატომია ინტერაქციულ, სამგანზომილებიან სივრცეში შეისწავლეს, რამაც თეორიული მასალის აღქმა კიდევ უფრო გაამარტივა. ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს პროფესიონალების მეთვალყურეობის ქვეშ, უშუალოდ გულზე მუშაობისა და კლინიკური უნარ-ჩვევების ათვისების შესაძლებლობა მიეცათ.
პრაქტიკული მუშაობის პარალელურად, სპეციალური ინტერაქციული ჯგუფური აქტივობებიც მოეწყო, რამაც სწავლის პროცესი უფრო დინამიკური და სახალისო გახადა. სემინარი ექიმ ალექსანდრე ეიობასის მოხსენებითა და კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, სადაც სტუდენტებმა მათთვის საინტერესო კლინიკურ შემთხვევებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
ღონისძიების დასასრულს საზეიმო ცერემონია გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. ორგანიზატორების თქმით, პროექტმა მოლოდინს გადააჭარბა - სტუდენტებისგან მიღებული მაღალი შეფასებები ადასტურებს, რომ მსგავსი პრაქტიკული ვორქშოპები უმნიშვნელოვანესია მომავალი პროფესიონალების ჩამოყალიბებისთვის. „CardioCore“-ის გუნდი მადლობას უხდის მხარდამჭერებს პარტნიორობისთვის და სამომავლოდ კიდევ არაერთ საგანმანათლებლო ინიციატივას აანონსებს.
სხვა სიახლეები
ივლისი 24, 2026
10:56 AM
გაცვლითი პროგრამა INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში (მალაიზია)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ INTI საერთაშორისო უნივერსიტეტში.
ივლისი 24, 2026
09:28 AM
ნათია ფოფხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
23 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნათია ფოფხაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ტრადიციული მედიის ახალი დღის წესრიგი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ციფრული პორტფოლიო“.
ივლისი 23, 2026
02:00 PM
ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
22 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ქეთევან ცინცაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „მესამე პირები ადმინისტრაციულ პროცესსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში“.



