4-5 აგვისტოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემიის (ABEM) ერთობლივი მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“ გაიმართა.
კონფერენციამ 10 ქვეყნის (კანადა, აშშ, იაპონია, დიდი ბტიტანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი, პორტუგალია, სლოვაკეთი, სამხრეთ აფრიკა,და საქართველო) 28 ავტორს მოუყარა თავი - მკვლევრებს, აკადემიკოსებსა და პრაქტიკოსებს, რომლებმაც თავიანთი ნაშრომები სამი ძირითადი მიმართულებით წარმოადგინეს: ბიზნესი, მმართველობა და საზოგადოება.
კონფერენციის თავმჯდომარე იყო კანადის ვინიპეგის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი სატიენდრა სინგჰი, თანათავმჯდომარეები კი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი თეა კასრაძე და სლოვაკეთის კომენიუსის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი დარინა საქსუნოვა.
კონფერენციის პირველი დღე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, დოქტორ კახაბერ კორძაიას მისალმებით გაიხსნა. პლენარული მოხსენებით გამოვიდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი ნინო ზარნაძე, რომელმაც კონვერგენტული ლიდერობის თეორია წარმოადგინა - ახალი აკადემიური ჩარჩო, რომელიც საჯარო და კერძო სექტორების ღირებულებათა ჰარმონიზაციას ეხება გაურკვევლობის პირობებში.
პირველ დღეს მონაწილეებმა ასევე მოისმინეს მოხსენებები ტექნოლოგიებისა და ინოვაციის, გარემოსა და მდგრადობის, ასევე ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის თემებზე. სესიებზე განხილული საკითხები მოიცავდა კვანტურ ტექნოლოგიებს, ხელოვნურ ინტელექტს, მიკროპლასტიკურ დაბინძურებას, მდგრად მოდას, ღვინის მარკეტინგს განვითარებად რეგიონებში, ემოციურ ინტელექტსა და სხვა აქტუალურ თემებს.
კონფერენციის მეორე დღეს პლენარული მოხსენებით გამოვიდა სამხრეთ აფრიკის ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის პროფესორი დოქტორი მპუმლელო ლონგვენი, რომელმაც მენეჯმენტში დანინგ-კრუგერის ეფექტის გამოვლინებები და შედეგები სოფლის მეურნეობის ბიზნესის მაგალითზე განიხილა. ასევე გაიმართა სესიები მმართველობისა და მენეჯმენტის მიმართულებით, სადაც წარმოდგენილი იყო ნაშრომები ESG პრინციპების ინტეგრაციის, ფინანსური განათლებისა და საქართველოში იპოთეკურ ბაზარზე ხელმისაწვდომობის შესახებ.
კონფერენციის ფარგლებში ასევე ჩატარდა ნეთვორქინგისა და თანამშრომლობის სესია, რომელმაც მონაწილეებს სამომავლო ერთობლივი კვლევითი პროექტების დაგეგმვის შესაძლებლობა მისცა, ღონისძიება კი დაჯილდოებისა და დახურვის ცერემონიით დასრულდა.
კონფერენციის სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ ვინიპეგის უნივერსიტეტი (კანადა), კომენიუსის უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტი (სლოვაკეთი) და ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი (სამხრეთ აფრიკა).
საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, საერთაშორისო აკადემიური ცოდნის გაცვლისთვის განსაკუთრებით შესაფერის სივრცეს წარმოადგენს - ეს არის ადგილი, სადაც მდიდარი ტრადიცია მომავალზე ორიენტირებულ სულისკვეთებას ხვდება.