კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის, უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორ თინათინ გოგაშვილის ახალი მონოგრაფიის: „BASICS OF CHANGE MANAGEMENT. Architect of the Future: Rebooting Organizations“ (ცვლილებების მენეჯმენტის საფუძვლები. მომავლის არქიტექტონიკა: ორგანიზაციების გადატვირთვა) პრეზენტაციას უმასპინძლა. ღონისძიება ორგანიზაციული მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევებისა და სისტემური ტრანსფორმაციის საკითხების განხილვის მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა.
ღონისძიებაზე, რომელსაც მოდერაციას CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ნანობაშვილი უწევდა, ხაზი გაესვა უნივერსიტეტის როლს აკადემიური პერსონალისა და მკვლევართა მხარდაჭერის საქმეში.
ნაშრომის ავტორმა ვრცლად ისაუბრა იმ მოტივაციასა და მრავალწლიან გამოცდილებაზე, რამაც ამ ფუნდამენტური ნაშრომის შექმნა განაპირობა. თინათინ გოგაშვილის განმარტებით, იდეა რამდენიმეწლიანი პრაქტიკული საქმიანობის შედეგად დაიბადა, როდესაც ქართულ ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობისას აშკარა გახდა დრომოჭმული მოდელებისა და თანამედროვე მოთხოვნების შეუსაბამობა.
„თეორიული ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტში მივიღე, მკაფიოდ წარმოაჩენდა ძველი მოდელების ცვლილების აუცილებლობას, მაგრამ ღიად ტოვებდა საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ და რა გზებით უნდა განხორციელებულიყო ეს ცვლილებები,“ - აღნიშნა ავტორმა გამოსვლისას.
მონოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართულ რეალობას, სადაც მენეჯერულ პრობლემებს თან ერთვის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და მენტალური ბარიერები. ავტორის მიზანი სწორედ დასავლური მოდელების ქართულ სივრცეში ადაპტირებისა და მათი სიცოცხლისუნარიანობის დასაბუთება იყო.
ნაშრომი იკვლევს ორგანიზაციებს, როგორც რთულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებს. თინათინ გოგაშვილი შეეხო ევოლუციური ცვლილებების ბუნებას - პერსონალისა და აღჭურვილობის ცვეთიდან დაწყებული, ბაზრის დინამიკით გამოწვეული რადიკალური რეფორმებით დასრულებული. მისი ხედვით, წარმატების გასაღები არა შაბლონურ გადაწყვეტილებებში, არამედ ლიდერებისა და თანამშრომლების ერთობლივ, პრინციპებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაშია.
„ნებისმიერი ცვლილება რთული პროცესია და მზა ინსტრუქციები არ არსებობს. ტრანსფორმაციის წარმატება ცვლილებების მართვის პრინციპების დაცვასა და იმ სპეციფიკურ სოციალურ-კულტურულ ბირთვშია, რომელიც თითოეულ ორგანიზაციას გააჩნია“, - აღნიშნავს ავტორი.
მონოგრაფია უკვე ხელმისაწვდომია საერთაშორისო მკითხველისთვის. იგი გამოცემულია ინგლისურ ენაზე და თარგმნილია იტალიურ, ესპანურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე. ნაშრომის მოძიება შესაძლებელია გლობალურ პლატფორმაზე Amazon, დღეიდან კი იგი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ფონდსაც დაამშვენებს. ავტორმა აღნიშნა, რომ აქტიურად აგრძელებს მუშაობას და საშემოდგომოდ საზოგადოებას წიგნის ქართულენოვან ვერსიასაც წარუდგენს.
ღონისძიებას ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია. პრეზენტაციის ფარგლებში ავტორის თვისებებზე, მის სამეცნიერო აქტივობასა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარდგნენ: მარინა გედევანიშვილი - CIU-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი; ნინო მინდიაშვილი - CIU-ს დოქტორანტურის სამსახურის ხელმძღვანელი; თეა კასრაძე - CIU-ს საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი; მამუკა თორია - CIU-ს მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი; დავით წიკლაური - კავკასიის უნივერსიტეტის კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი; მაია ჩეჩელაშვილი - საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, წიგნის რეცენზენტი; მაია ბენია - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ღონისძიების დასასრულს ავტორმა მადლობა გადაუხადა ოჯახის წევრებს მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტს - სისტემური ცოდნისა და მოტივაციისთვის და სამეცნიერო რედაქტორს, პროფესორ ანზორ აბრალავას, გაწეული პროფესიული ხელმძღვანელობისთვის.