კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, ალექსანდრე ბეგიაშვილი, კასპის ტექნოპარკის FabLab-ში მენეჯერის პოზიციაზე დასაქმდა.
პირველი ნაბიჯები და იდეიდან რეალობამდე
„ამ ეტაპამდე მოსვლა ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება არ ყოფილა - ყველაფერი უნივერსიტეტიდან დაიწყო. პირველად FabLab-ის გარემოს პროექტ Uni4verse-ის ფარგლებში დავახლოვდი. განსაკუთრებით იმ პროცესმა გამიტაცა, თუ როგორ ხდება უბრალო ჩანაფიქრი რეალური ნივთი, როგორ მუშაობს სხვადასხვა დანადგარი და როგორ შეგიძლია საკუთარი ხელით შექმნა ის, რაც მანამდე მხოლოდ იდეის დონეზე არსებობდა. ამ გზაზე გარდამტეხი როლი ითამაშა პროექტმა „ჩაკო ჩანთა“ - იდეამ, რომელიც უნივერსიტეტის კედლებში დაიბადა და ჩემთვის ერთგვარი ხიდი გახდა უნივერსიტეტსა და ტექნოლოგიურ ეკოსისტემას შორის. სწორედ ამ გამოცდილებით დავუკავშირდი პირველად GITA-ს“.
ჰაკათონები და პროტოტიპირების გამოცდილება
„ჩემს ინტერესს მალევე ჰაკათონებში მონაწილეობაც დაემატა, რამაც პროტოტიპირების პროცესთან კიდევ უფრო დამაახლოვა. იდეის მოფიქრებიდან დაწყებული, დიზაინითა და ტექნიკური განხორციელებით დამთავრებული - აღმოვაჩინე, რომ FabLab-ის შესაძლებლობებით შეგიძლია სრულიად „ნულიდან“ დაიწყო და საბოლოო პროდუქტამდე მიხვიდე“.
ყოველდღიურობა FabLab-ში: იდეების გაცოცხლება და სწავლება
„როდესაც სააგენტოს ვებგვერდზე ვაკანსია ვნახე, ბედი ვცადე. დღეს კი უკვე იმ სივრცეში ვმუშაობ, რომელმაც წლების წინ ასე დამაინტერესა. FabLab-ში ჩემი ყოველდღიურობა საკმაოდ მრავალფეროვანია: 3D პრინტერები, CNC, ლაზერული მჭრელი, 3D სკანერი, დრონები თუ სხვადასხვა ელექტრონული კომპონენტი ჩემი სამუშაო იარაღებია. ვეხმარები ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი იდეების ან Hardware პროდუქტის შექმნა სურთ.
ამასთან ერთად, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწავლებაა. ახლა უკვე შემიძლია ჩემი ცოდნა სხვებს გავუზიარო - სკოლის მოსწავლეებისთვის ვატარებ Arduino-ს კურსს, სადაც ისინი პრაქტიკულად სწავლობენ ელექტრონულ კომპონენტებთან მუშაობას. მომავალში ასევე ვგეგმავ LEGO-სა და რობოტიკის ტრენინგების ჩატარებას“.
უნივერსიტეტის როლი ჩემს წარმატებაში
„უნივერსიტეტის როლი ჩემს პროფესიულ გზაზე გადამწყვეტია - რეალურად, ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო. აქ მიღებული ცოდნა და განვითარებული უნარები დღეს პირდაპირ მეხმარება როგორც FabLab-ის მართვაში, ისე ტრენინგების ჩატარებასა და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროცესის წარმართვაში“.