საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში"
"მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში" - სწორედ ასე ჰქვია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელმაც მუშაობა ამა წლის 25 სექტემბერს დაიწყო და ორ დღეს გაგრძელდება.
კონფერენციის მთავარი ორგანიზატორი და მასპინძელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხოლო თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. კონფერენციის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ა.რ. განათლებისა და სპორტის სამინისტრო.
საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მედიასკოლების წარმომადგენლებთან ერთად, ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ პოლონეთის, ბულგარეთის, თურქეთის, სომხეთის უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები.
ბსუ-ს პროფესორმა, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელმა, ინგა შამილიშვილმა, ხაზი გაუსვა ფორუმის ინტერდისციპლინურ ხასიათს. მან აღნიშნა, რომ ფორუმი, ამავრდოულად, ინტერნაციონალიზაციის გამოწვევებსაც პასუხობს, რადგან სხვადასხვა ქვეყნიდან მკვლევართა საკმაოდ ფართო წრე შემოიკრიბა.
„მედია დღეს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის საშუალება აღარ არის. ესაა სივრცე, სადაც ყალიბდება საზოგადოებრივი აზრი, იქმნება იდენტობა, მიმდინარეობს დებატები. სწორედ ამიტომ, მედიაკვლევები თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და საჭირო მიმართულებაა. ჩვენი კონფერენცია სწორედ ამ გამოწვევებს ეხმაურება: როგორ იცვლება მედიაგარემო ციფრულ ეპოქაში, როგორ მოქმედებს ალგორითმები საზოგადოებრივ ცნობიერებაზე, რა როლი აქვს ჟურნალისტიკას დემოკრატიის განმტკიცებაში და როგორ შეგვიძლია კვლევითი მიდგომებით უკეთ გავიაზროთ ეს რთული პროცესები.
მინდა, მადლობა გადავუხადო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმართმოყვარეობისა და ორგანიზაციული მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა ყველა მომხსენებელს, მოდერატორსა და მონაწილეს - მათი შრომა და ინტერესი არის ის, რაც ამ კონფერენციას ღირებულს ხდის“ - განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცეკანცლერმა, პროფესორმა ნინო ჭალაგანიძემ, რომელიც, ამავდროულად, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და სექციის ხელმძღვანელიცაა.
კონფერენციაზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, ასევე, წარმოადგენენ პროფესორები: სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ეკატერინე ჭალაგანიძე, ამავე ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სპეციალისტი, დოქტორანტი თამარ ოყუჯავა, დოქტორანტურის სამსახურის უფროსი ნინო მინდიაშვილი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ხათუნა კაჭარავა, ასოცირებული პროფესორი ეკა თხილავა.
სხვა სიახლეები
სექტემბერი 29, 2026
09:00 AM
გაცვლითი პროგრამა უსკუდარის უნივერსიტეტში (სტამბოლი, თურქეთი)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ უსკუდარის უნივერსიტეტში.
სექტემბერი 28, 2026
01:00 PM
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ვიზიტი
28 სექტემბერს ტრადიციული „აფხაზეთის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, გიორგი ჯინჭარაძესა და განათლებისა და კულტურის მინისტრს, გიორგი ძაძამიას უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, უნივერსიტეტის ფოიეში თემატური გამოფენაც მოეწყო.
სექტემბერი 28, 2026
09:00 AM
ომარ თურმანიძის დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 7 ოქტომბერს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნიკო ნიკლაძის სახელობის 305-ე აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ომარ თურმანიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: ირანის ბირთვული პროგრამა და 5+1 შეთანხმების მონაწილე აქტორების ინტერესები.






