ჯემალ სოლოღაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია
1 ივნისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ ჯემალ სოლოღაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მოეწყო. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტმა ავტორის ახალი ლექსების კრებულის - „ბობოქრობს ფიქრი“ - პრეზენტაციას უმასპინძლა. კრებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის მხარდაჭერით გამოიცა.
საღამოს მოდერაციას უწევდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ქეთევან ნანობაშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი.
ჯემალ სოლოღაშვილი 1946 წლის 23 მაისს, მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში დაიბადა. პროფესიით ფიზიკოსმა საკუთარი ცხოვრებისა და მოღვაწეობის უდიდესი ნაწილი უმაღლეს განათლებასა და აკადემიურ საქმიანობას მიუძღვნა. სამშობლოს, მშობლიური მცხეთისა და ძეგვის სიყვარულმა, ქართული ენის უნიკალურმა ხიბლმა განაპირობა მისი ღრმა თაყვანისცემა პოეზიისადმი, რაც საბოლოოდ საავტორო კრებულში რეალიზდა. ავტორის შემოქმედება ორიენტირებულია ადამიანში კეთილი, ამაღლებული, ღვთიური და მამულებრივი საწყისების ძიებაზე. მისი პოეტური სამყარო ბუნებისა და სამყაროსადმი განსაკუთრებული სათუთი დამოკიდებულებით გამოირჩევა.
პოეზიის საღამომ თბილ და კოლეგიალურ ატმოსფეროში ჩაიარა. ღონისძიების ფარგლებში, თავად ავტორმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი ლექსები წაუკითხა. საგულისხმოა, რომ შემოქმედებით პროცესში აქტიურად ჩაერთნენ დამსწრე სტუმრებიც, რომლებმაც კრებულიდან რამდენიმე გამორჩეული ლექსი გააჟღერეს.
აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა იუბილარს მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, მიულოცეს 80 წლის იუბილე და შემოქმედებითი წინსვლა უსურვეს.
სხვა სიახლეები
ივნისი 05, 2026
03:10 PM
WinExpo 2026
5 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-18 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2026 - გაიხსნა.
ივნისი 05, 2026
03:00 PM
FAO-ს წარმომადგენლების შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე
4 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა უმასპინძლა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუდენტებისა და დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
ივნისი 05, 2026
02:00 PM
ვახტანგ წივწივაძე ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე, ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლითა და მადლიერების დიპლომით დაჯილდოვდა. საზეიმო ცერემონია 3 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაიმართა.


