• dateნოემბერი 25, 2026
    time12:37 PM

    გიორგი ფარეშიშვილის სამეცნიერო ვიზიტი რუმინეთსა და მოლდოვაში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რექტორის მრჩეველი, ნატოსა და ევროკავშირის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ფარეშიშვილი სამეცნიერო მივლინებით რუმინეთსა და მოლდოვაში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ორ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში და პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

    4-6 ნოემბერს, რუმინეთის ქალაქ ბრაშოვში, ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სოციალური დინამიკა და ციფრული ტრანსფორმაციები: კომუნიკაცია, ტექნოლოგიები და საზოგადოება XXI საუკუნეში“ (Social Dynamics and Digital Transformations: Navigating Communication, Technology, and Society in the 21st Century) გაიმართა. კონფერენცია უნივერსიტეტის სოციოლოგიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებითა და რუმინეთის სოციოლოგთა საზოგადოებასთან (SSR) პარტნიორობით ჩატარდა.

    გიორგი ფარეშიშვილმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე - „იმპერიასა და ევროპას შორის: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, საბჭოთა წარსულის მეხსიერება და ევროპული იდენტობის სადავო ფორმირება“ (Between Empire and Europe: The Georgian Orthodox Church, Memory of the Soviet Past, and the Contested Making of European Identity).

    ვიზიტის ფარგლებში CIU-ს წარმომადგენელი შეხვდა ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ვიცე-დეკანს, პროფესორ არაბელა ბრიჩიუსა და UNITA-ს ალიანსის ფარგლებში მოქმედი საპროექტო ჰაბის კოორდინატორს, პროფესორ ფლორინ ნეკიტას. შეხვედრებზე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

    9-10 ნოემბერს გიორგი ფარეშიშვილმა მონაწილეობა მიიღო ასევე მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ინტეგრაცია კვლევისა და ინოვაციის გზით“, რომელიც მშვიდობისა და განვითარებისთვის მეცნიერების საერთაშორისო დღესა და უნივერსიტეტის დაარსების 80 წლისთავს მიეძღვნა.

    საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკური და ადმინისტრაციული მეცნიერებების სექციაში მან წარადგინა მოხსენება თემაზე - „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია როგორც გეოპოლიტიკური აქტორი: რბილი ძალა და ლეგიტიმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციაში“.

    მოლდოვაში ვიზიტის ფარგლებში გიორგი ფარეშიშვილი ასევე შეხვდა მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს სამეცნიერო საქმიანობის დარგში, ლაურენცია უნგურეანუს, რომელთანაც ორ უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელა.

    სხვა სიახლეები