„ეფექტური კომუნიკაცია“ - ანი ციცქიშვილის ტრენინგი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების / პერსონალის მართვის სამსახურის ორგანიზებით, ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „ეფექტური კომუნიკაცია“, რომელსაც უძღვებოდა ბრენდის კომუნიკაციის სტრატეგი - ანი ციცქიშვილი.
შეხვედრა უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი სახის პროფესიული შეხვედრების მნიშვნელობას თანამშრომელთა ეფექტური კომუნიკაციის ამაღლებისთვის. აუდიტორიას სიტყვით ასევე მიესალმა პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი, თამარ ჯალაღანია, რომელმაც ყურადღება გაამახვილა გუნდური მუშაობის ეფექტურობასა და შიდაორგანიზაციული კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობაზე.
ტრენერმა შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილა კომუნიკაციის, როგორც გაგების შექმნის პროცესის არსი და მისი შემადგენელი ისეთი ფუნდამენტური ელემენტები, როგორებიცაა ინფორმაციის კოდირება, დეკოდირება, არხი და უკუკავშირი. ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ ადამიანები სიტყვებს საკუთარი გამოცდილებით, ემოციითა და წარმოდგენებით აღიქვამენ. სწორედ ამიტომ, წარმატებული ინტერაქციისთვის აუცილებელია მკაფიო ცენტრალური იდეის განსაზღვრა და კონკრეტული მიზნობრივი მიმართულებების გამოყოფა, რაც გამორიცხავს ბუნდოვანებას და ეყრდნობა პრინციპს: „ერთი საუბარი - ერთი მთავარი სათქმელი“.
შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სიტყვის ძალასა და ლექსიკური ერთეულების სწორად შერჩევაზე, რადგან ბუნდოვან დეფინიციებს (მაგ. მალე, ნორმალურად, ბევრი) ხშირად გაუგებრობამდე მივყავართ. მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოების საფუძველზე ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა ფორმულირების ემოციური და შინაარსობრივი გავლენა, მათ შორის, კონსტრუქციული მიდგომის მნიშვნელობა „კი, და...“ ნაცვლად „კი, მაგრამ...“-ისა. გარდა ვერბალური ნაწილისა, მომხსენებელმა ვრცლად ისაუბრა არავერბალური კომუნიკაციის უდიდეს როლზე ხმის ტემბრზე, ინტონაციაზე, ჟესტიკულაციაზე, პოზასა და თვალით კონტაქტზე, რომელთა თანხვედრაც გადამწყვეტია მსმენელში ემოციის გასაჩენად.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დაეთმო უკუკავშირის მართვის ეფექტურ ინსტრუმენტებს, რომელთა გარეშეც პროცესი ქაოტური და ვარაუდებზე დაფუძნებული ხდება. ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ისეთ პრაქტიკულ მოდელებსა და მიდგომებს, როგორებიცაა: „სენდვიჩის“ (Sandwich) პრინციპი, სამომავლო განვითარებაზე ორიენტირებული Feedforward-ის პრინციპი და ქცევასა და შედეგზე დაფუძნებული SBI-ის (Situation-Behavior-Impact) მეთოდოლოგია. აღნიშნული შეხვედრა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის შიდა კომუნიკაციური პროცესების კიდევ უფრო დახვეწასა და პროფესიული საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას.
სხვა სიახლეები
მაისი 28, 2026
11:00 AM
CIU-ს წარმომადგენლები NAFSA 2026-ში მონაწილეობენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ ინასარიძე და სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ეკატერინე ჭალაგანიძე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენაში - NAFSA 2026 მონაწილეობენ, რომელიც 26-29 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ორლანდოში (ფლორიდის შტატი) იმართება.
მაისი 27, 2026
09:00 AM
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის აკადემიური კალენდარი ქართულენოვან საბაკალავრო და ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამებზე
მაისი 27, 2026
08:00 AM
ტრენინგი - „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, მენტალური ჯანმრთელობისა და ემოციური ინტელექტის გაძლიერების მიზნით ჩატარდა ტრენინგი თემაზე – „მენტალური ჯანმრთელობა და ემოციური ინტელექტი“.




