• dateაპრილი 06, 2026
    time02:00 PM

    CIU-ში საგანმანათლებლო პროექტი - „კარიერის სკოლა“ განხორციელდა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი - „კარიერის სკოლა“ განხორციელდა. ხუთი დღის განმავლობაში სტუდენტები და კურსდამთავრებულები ინტენსიურ რეჟიმში ეუფლებოდნენ იმ პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც თანამედროვე შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის მთავარ პირობას წარმოადგენს.

    პროექტის საზეიმო გახსნაზე უნივერსიტეტის რექტორმა, კახა კორძაიამ, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელ რეალობაში პროფესიული წარმატება აღარ განისაზღვრება მხოლოდ თეორიული ცოდნით. მისი თქმით, „კარიერის სკოლა“ სწორედ ის სივრცეა, სადაც განათლება, პრაქტიკა და დასაქმების რეალური შესაძლებლობები ერთმანეთს ხვდება. პროექტის მიმდინარეობას მოდერაციას უწევდა CIU-ს უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსი, გურამ ლილუაშვილი.

    პროექტის პირველივე დღე დინამიურად დაიწყო „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენლებთან შეხვედრით. შერჩევის სამსახურის უფროსმა, ეთუნა ქობალიამ და კომუნიკაციების სწავლებისა და განვითარების სამსახურის უფროსმა, თამარა ჭანტურიშვილმა, სტუდენტებს საბანკო სექტორის შიდა კულტურა და შერჩევის კრიტერიუმები გააცნეს. ამავე დღეს გაფორმდა მნიშვნელოვანი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და „საქართველოს ბანკს“ შორის, რაც დასაქმების პერსპექტივების გაფართოებას ისახავს მიზნად.

    მეორე დღე მთლიანად დაეთმო თანამედროვეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას - დისტანციურ დასაქმებას. ლოჯისტიკის მენტორმა, თეონა ჯანელიძემ, მონაწილეებს საერთაშორისო ბაზარზე ინტეგრაციის სტრატეგიები და ონლაინ გარემოში ეფექტიანი თვითპრეზენტაციის მეთოდები გაუზიარა. თეორიული ნაწილის პარალელურად, სტუდენტებმა გუნდური დავალებები შეასრულეს და გამარჯვებულები მოტივაციური ლიტერატურით დაჯილდოვდნენ.

    მესამე დღეს აქცენტი ორგანიზაციულ გარემოში ადაპტაციაზე გაკეთდა. კომპანია „GMT Hospitality“-ის ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის უფროსმა მენეჯერმა, გიორგი ხარატიშვილმა, სტუდენტებს აუხსნა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ეფექტიანი ინტეგრაცია სამუშაო გარემოში და როგორ ჩამოაყალიბონ საკუთარი პოზიცია კორპორაციულ სტრუქტურაში. დღის ბოლოს გაფორმდა კიდევ ერთი მემორანდუმი უნივერსიტეტსა და „ჯი ემ თი მთაწმინდას“ შორის, ხოლო საუკეთესო გუნდმა 600-ლარიანი ვაუჩერი დაიმსახურა.


    მეოთხე დღე კერძო სექტორში დასაქმების შესაძლებლობების ანალიზს დაეთმო. შპს „აუტო ჰოუმის“ თანადამფუძნებელმა და დირექტორმა, ვენერა თაკალანძემ და კომპანიის HR მენეჯერმა, სალომე სტეფანიანმა, სტუდენტებს გააცნეს ბიზნესის სპეციფიკა და კანდიდატების მიმართ არსებული მოთხოვნები. ამ დღესაც გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შპს „აუტოჰოუმი 2019“-სა და CIU-ს შორის, ხოლო პრაქტიკული ბიზნეს-ქეისის საუკეთესოდ შესრულებისთვის კიდევ ერთმა გუნდმა მიიღო 600-ლარიანი ჯილდო.

    პროექტის დასკვნითი, მეხუთე დღე ფსიქოლოგიურ მომზადებასა და მოტივაციას დაეთმო. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის სერვის ცენტრის კარიერის კონსულტანტებმა, ერეკლე ჯაშიაშვილმა და ესმა ნიკოლეიშვილმა, ისაუბრეს მარცხის შიშის დაძლევასა და ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე.

    ხუთდღიანი ინტენსიური კურსი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალით დასრულდა. პროექტის მონაწილეები დააჯილდოვა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, თამარ ინასარიძემ. „კარიერის სკოლამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მსგავსი ინიციატივები საუკეთესო ხიდია აკადემიურ სივრცესა და რეალურ ბიზნეს სექტორს შორის.

    სხვა სიახლეები