კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+-ის აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორს, ემრე ბარან პაკს უმასპინძლა.
ვიზიტის აკადემიური ნაწილი CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო - ასისტენტ-პროფესორი ემრე ბარან პაკი საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ალიკა გუჩუასა და უსაფრთხოების კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიური თანამშრომლობისა და სამომავლო ერთობლივი ინიციატივების პერსპექტივები განიხილეს.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, ემრე ბარან პაკმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა.
ლექციის ფარგლებში განიხილეს საჯარო მმართველობის შედარებითი მოდელები, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დეცენტრალიზაციის რეფორმები, ასევე საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რამაც სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ვიზიტის ფარგლებში ემრე ბარან პაკი ასევე შეხვდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სვეტლანა კირაკოსიანს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოებისა და ახალი ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებას და Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის ხელშეწყობას.