• dateივნისი 09, 2026
    time02:00 PM

    CIU-ს საგანმანათლებლო პროექტები ჭიათურაში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    1 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიის პროგრამის პროფესორებმა და სტუდენტებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ჭიათურაში ორი საგანმანათლებლო პროექტი განახორციელეს, რომლებიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებში პირის ღრუს ჯანმრთელობისა და ჰიგიენის კულტურის პოპულარიზაციას. 

    პროექტებს უმასპინძლა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლამ. სტუმრებს სკოლის დირექტორმა, ნანული წერეთელმა უმასპინძლა - იმერეთში ცნობილი და ღვაწლმოსილი პედაგოგი, რომლის მრავალწლიანი საქმიანობა არაერთი თაობის აღზრდასა და განათლებას უკავშირდება. 

    პირველი აქტივობა განხორციელდა მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეებისათვის, სადაც 70 მოსწავლე მონაწილეობდა. პროექტი „მე ვიხეხავ კბილებს“ ჩატარდა სააფთიაქო ქსელ „ავერსისა“ და პირის ღრუს მოვლის გერმანული ბრენდის „ლაკალუტის“ მხარდაჭერით.

    შეხვედრა თავიდანვე ძალიან ემოციურ და მეგობრულ გარემოში წარიმართა. ბავშვებმა დიდი ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობის შესახებ, აქტიურად ჩაერთნენ შეკითხვა-პასუხის რეჟიმში, საკუთარი გამოცდილებაც გაგვიზიარეს და განსაკუთრებული ინტერესით დააკვირდნენ კბილების სწორად გამოხეხვის პრაქტიკულ დემონსტრაციას.

    მოსწავლეების უშუალობამ, გულწრფელმა ემოციებმა და მაღალი ჩართულობის ხარისხმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ჰიგიენური ჩვევების ფორმირება ადრეული ასაკიდან. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბავშვებს გადაეცათ პირის ღრუს მოვლის საშუალებები და სიმბოლური საჩუქრები, რამაც მათ განსაკუთრებული სიხარული მიანიჭა.

    მეორე ლექცია-ტრენინგი ჩატარდა უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის - „პირის ღრუს მოვლა და ჰიგიენა“, რომელსაც 30 მოსწავლე ესწრებოდა.

    ლექციის ფარგლებში განხილული იყო პირის ღრუს ჯანმრთელობის მნიშვნელობა, კარიესისა და პაროდონტის დაავადებების პრევენცია, სწორი კვების როლი, თანამედროვე ჰიგიენური საშუალებების გამოყენება და რეგულარული სტომატოლოგიური კონტროლის აუცილებლობა.

    განსაკუთრებით სასიხარულო იყო უფროსკლასელების მაღალი ინტერესი და აქტიურობა. მოსწავლეები სვამდნენ საინტერესო შეკითხვებს, მსჯელობდნენ ჯანმრთელობის საკითხებზე, ჩართულობამ კი კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ახალგაზრდებში პროფესიული ორიენტაციისა და ჯანმრთელობის კულტურის განვითარება ურთიერთდაკავშირებული და მნიშვნელოვანი პროცესებია.

    შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ პირის ღრუს მოვლის საშუალებები და სერტიფიკატები, რაც მათი აქტიური ჩართულობისა და მიღებული ცოდნის სიმბოლურ აღიარებას წარმოადგენდა.

    ორივე პროექტში აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის 14 სტუდენტი. მათ არა მხოლოდ ორგანიზაციული მხარდაჭერა გაუწიეს ღონისძიებებს, არამედ უშუალოდ მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო პროცესში, რაც მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებაა მომავალი სტომატოლოგებისათვის.

    სტუდენტებმა მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიული ეთიკითა და კომუნიკაციის უნარებით წარმოაჩინეს როგორც საკუთარი თავი, ისე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.

    შეხვედრის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტებმა მოსწავლეებს გააცნეს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემო, სტუდენტური ცხოვრება, საერთაშორისო და ადგილობრივი შესაძლებლობები, კლინიკური სწავლების სპეციფიკა და სტომატოლოგიის პროგრამის თავისებურებები. აბიტურიენტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს უნივერსიტეტში სწავლის პირობების, პროფესიული განვითარების პერსპექტივებისა და სტუდენტური აქტივობების მიმართ. სტუდენტების მიერ საკუთარი გამოცდილების გაზიარებამ შეხვედრა უფრო უშუალო და საინტერესო გახადა, რაც მოსწავლეებს დაეხმარა მომავალი პროფესიული არჩევანის უკეთ გააზრებაში.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა ჯანმრთელობის კულტურის ჩამოყალიბება ბავშვობიდან იწყება, ხოლო საზოგადოების სამსახურში ჩართული სტუდენტები პროფესიული ზრდის საუკეთესო გზას გადიან.

    ჭიათურაში განხორციელებული პროექტები კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი გახდა უნივერსიტეტის, სკოლისა და საზოგადოების ნაყოფიერი თანამშრომლობისა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გამართული ეს შეხვედრები მონაწილეთათვის ცოდნის, გამოცდილების, პოზიტიური ემოციებისა და მომავლის ახალი შესაძლებლობების გაზიარების მნიშვნელოვან სივრცედ იქცა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ანდრია პირველწოდებულის სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ადმინისტრაციას, ქალბატონ ნანული წერეთელს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს გულთბილი მასპინძლობისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

     

    სხვა სიახლეები