კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბი დუდუ დადიანის რიგით 25-ე მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია! BC CIU-მ ფინალურ შეხვედრაში თასის მოქმედი ჩემპიონი „თელავი“ დაამარცხა და აღნიშნულ ტიტულს უკვე მეორედ დაეუფლა.
ბექა წივწივაძის გაწვრთნილმა გუნდმა „თელავთან“ 20-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 102:82 გაიმარჯვა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის რიგებიდან ყველაზე შედეგიანები 19-19 ქულით ჯასტინ ფორესტი და სანდრო სანაძე იყვნენ, 18 ქულა ჩააგდო გიორგი ტურძილაძემ, შამარ რაითმა 13 ქულა მოაგროვა, ხოლო გეგი ბაქრაძემ და ლუკა მაზიაშვილმა შეხვედრა 10-10 ქულით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი BC CIU-ს უკანახაზელ სანდრო სანაძეს გადაეცა. ის MVP-ის პრიზით კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, გიორგი ჯაფარიძემ დააჯილდოვა.