• dateოქტომბერი 02, 2025
    time06:00 AM

    საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნა

    banner
     2 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“ - გაიხსნა.  
     
     ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარე კონფერენციას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი უძღვებოდა. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სხვა საპატიო სტუმრები. 
     
    აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, რომელმაც აქცენტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საუნივერსიტეტო აქტივობებზე გააკეთა.
     
     რექტორის სიტყვა ძირითადად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტისა და პროფესორთა მხრიდან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით განხორციელებული კვლევების, აკადემიური აქტივობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის წარმოჩენას დაეთმო. 
     
     „გლობალური ტრანსფორმაციის პირობებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური ტენდენციის გაცნობიერება, ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის მომავალი სწორედ ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის სინერგიაში იკვეთება“, - აღნიშნა კახაბერ კორძაიამ. 
     
     საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული და სტრატეგიული ზეგავლენის განხილვას განათლების სისტემებზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებზე.
     
    კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის შემმუშავებლები და ინოვატორები ევროპასა და საქართველოდან.
     
    პირველი დღე უნივერსიტეტების სტრატეგიულ ხედვებს, საერთაშორისო სპიკერებს, პროექტებსა და ქართველი აკადემიკოსების მოხსენებებს ეთმობა, მეორე დღეს წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი კვლევები და ინოვაციები განათლებასა და მეცნიერებაში AI-ს მიმართულებით, მათ შორის მოხსენებით წარდგებიან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორები: გიორგი ხატიძე, გიორგი კაკაშვილი და ზაზა ცოტნიაშვილი. 
     
    კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი.

    სხვა საერთაშორისო სიახლეები