• dateივნისი 16, 2026
    time01:00 PM

    სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლელა წიტაიშვილის ორგანიზებით და ხელმძღვანელობით ჩატარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე: „სტომატოლოგიისა და მედიცინის ინტერდისციპლინური თანამშრომლობა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მოდელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში პროფესიული კომპეტენციების განვითარებისათვის“.

    პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და მედიცინის ინგლისურენოვანი პროგრამების სტუდენტებმა, ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეულმა სტუმრებმა.

    ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებმა წარმოადგინეს პოსტერული მოხსენებები და დამსწრე აუდიტორიას გაუზიარეს არსებული ცოდნა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო პრაქტიკა სტომატოლოგიური და ზოგადი დაავადებების მართვისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ.

    სტუდენტებმა განმარტეს, რომ გარკვეული ზოგადი დაავადებების (შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სხვ.) პირის ღრუში გამოვლინების ცოდნას დიდი მნიშვნელობა აქვს მათი სწორი და დროული დიაგნოსტირებისა და მართვისათვის. ხოლო წარმატებული მკურნალობის წინაპირობა ერთდროულად პირის ღრუსა და ზოგადი ჯანმრთელობის აღდგენაა, რომელიც მიიღწევა მხოლოდ ინტერდისციპლინური მიდგომით და სტომატოლოგებისა და ზოგადი მედიცინის წარმომადგენლების მჭიდრო კოლაბორაციით.

    გაიმართა დისკუსია სტომატოლოგებსა და მედიცინის წარმომადგენლებს შორის. ასევე, მოხსენებლებმა ამომწურავად უპასუხეს დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს.

    აღსანიშნავია, რომ ასეთი პროექტების განხორციელება და მათში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილებაა სტუდენტებისთვის და ხელს უწყობს საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მომავალი ლიდერების ჩამოყალიბებას, ჯერ კიდევ საუნივერსიტეტო სწავლების საფეხურზე. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროს ლიდერები აღჭურვილი უნდა იყვნენ როგორც პროფესიული კომპეტენციებით, ასევე მენეჯერული უნარებითა და ეფექტური

    კომუნიკაციის შესაძლებლობებით. ასეთი ლიდერების ჩამოყალიბება შესაძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულებებში და ამ მხრივ ჩვენი უნივერსიტეტიც არ წარმოადგენს გამონაკლისს.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტების განხორციელებას და მათში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, რაც მათი პროფესიული ზრდა-განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.

    ღონისძიების დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები.

    სხვა სიახლეები