• dateივნისი 16, 2026
    time09:00 AM

    CIU-ში GMT Student Lab-ის პრეზენტაცია გაიმართა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „GMT Student Lab“- ის პრეზენტაცია გაიმართა.

    ღონისძიების ფარგლებში, „GMT Hospitality“- ის ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის განვითარების უფროსმა მენეჯერმა, გიორგი ხარატიშვილმა, დამსწრე აუდიტორიას საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროგრამა „GMT Student Lab“ გააცნო. 

    შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა აკადემიურ სექტორსა და ბიზნესს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები გადამწყვეტ როლს თამაშობს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და მათი კარიერული პოტენციალის რეალიზებაში.

    შეხვედრის განმავლობაში სპიკერმა დეტალურად ისაუბრა კომპანია GMT Hospitality-ის საქმიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და მრავალფეროვანი მიმართულებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომპანიის შიდა საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიის ნულიდან შესწავლის, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სთავაზობს.

    პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ერთთვიანი, სრულად ანაზღაურებადი პრაქტიკის პროგრამის შესახებ, რომელიც კომპანიის წამყვან ობიექტებში პოზიციების მონაცვლეობის პრინციპით ხორციელდება. მონაწილეები ასევე გაეცნენ პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტს, რომელიც მოიცავს სპეციალურად შემუშავებულ ტრენინგებს ეფექტური კომუნიკაციის, მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებებით.

    ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მნიშვნელოვან სარგებელზე, რომელსაც პროგრამაში ჩართული სტუდენტები მიიღებენ, მათ შორის: პრაქტიკის დაწყების პირველივე დღიდან ანაზღაურებას, პროფესიულ სერტიფიკატს, დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობასა და წარმატებული მონაწილეებისთვის კომპანიაში სრულ განაკვეთზე დასაქმების პერსპექტივას.

    შეხვედრამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უნივერსიტეტისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობა ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წარმატების ხელშეწყობის პროცესში.

    სხვა სიახლეები