„გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა

თანამედროვე ეტაპზე უსაფრთხოებამ გლობალური ხასიათი მიიღო, რაც გამოწვეულია გლობალიზაციისა და ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებით. შესაბამისად, საფრთხეების და რისკების ეფექტი უკვე გლობალურ პოლიტიკურ დონეზე განიხილება, ამიტომაც გაჩნდა ახალი ტერმინი გლობალური უსაფრთხოება, უსაფრთხოების ისეთი მოდელი, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით და დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებზე, რომელთა განხორციელება სახელმწიფოებს, როგორც საერთაშორისო პოლიტიკის აქტორებს, ავალდებულებს უფრო მეტად გაუფრთხილდნენ სუვერენიტეტს, ხოლო მისი უხეში დარღვევის შემთხვევაში - პასუხი აგონ.
გლობალური საფრთხე შეიძლება მომდინარეობდეს არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ ისეთი სუბიექტისაგან, რომელიც საერთაშორისო აქტორს არ წარმოადგენს და საერთაშორისო სამართალი უძლურია რაიმე ფორმით აღკვეთოს მისი ქმედებები. მაგალითად, COVID-19 ვირუსის ეფექტი, რომელიც ასიმეტრიული ხასიათის ტრენდ-ცენტრულ საფრთხეს წარმოადგენს და მისი იდენტიფიცირება ხორციელდება უსაფრთხოების კვლევების ფორმატში (ჯანდაცვის და ბიოლოგიური უსაფრთხოების სექტორები). ასეთი პრეცედენტები სრულიად განსაკუთრებულ მიდგომას და ანალიზს მოითხოვს.
გარდა ამისა, ბოლო დროს გამოვლინდა ისეთ ვიწრო, სპეციალიზირებულ ანალიტიკოსებზე მოთხოვნის ზრდის ტენდენცია, რომლებსაც შეეძლებათ არა მხოლოდ მსგავსი საფრთხეების დროული იდენტიფიცირება, პრევენცია და შედეგების ანალიტიკური დაგეგმვის მოდელირება, არამედ მათი სწორი პროგნოზირება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა უსაფრთხოების კვლევების კვალიფიციურ სპეციალისტებზე როგორც სახელმწიფო უწყებებსა და ორგანოებში, ისე სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამდენად, საქართველოში ამ კვალიფიკაციის აკადემიური და კვლევითი სფეროს სპეციალისტების მომზადების პრაქტიკული დანიშნულებაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
სწორედ ზემოაღნიშნული გახდა საფუძველი იმისა, რომ პირველად, საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე გაჩნდა „გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ ახალი, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომლის კურსდამთავრებულს, ასევე პირველად, უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების ისტორიაში უსაფრთხოების კვლევების მაგისტრის კვალიფიკაცია მიენიჭება.
სამაგისტრო პროგრამა შემუშავებულია კანადის, არგენტინის, პოლონეთის, უკრაინის და ცენტრალური ევროპის სხვა წამყვანი უნივერსიტეტების შესაბამისი სპეციალობის პროფესორებსა და დარგის გამოცდილ ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, რომლებიც ქართველ პროფესორებთან ერთად უშუალოდ იქნებიან ჩართულნი ამ პროგრამის განხორციელებაში.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოებაც, რომ პროგრამა ამზადებს გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების მაგისტრებს და მიზნად ისახავს რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების კვლევისა და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, ახალი მეცნიერული ცოდნის შექმნაზე ორიენტირებული კურსდამთავრებულების მომზადებას, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული მიმართულებით კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებას და საქართველოს ჩართვას მეტად აქტუალური აკადემიური დარგის სრულყოფის საქმეში.
რაც შეეხება სამაგისტრო პროგრამას, მისი ხანგრძლივობა 2 წელია, მისი მოცულობა 120 კრედიტია. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ისწავლიან სპეციალობის სავალდებულო და სამოდულე, სპეციალობის არჩევით სასწავლო კურსებს, გაივლიან პრაქტიკას და შეასრულებენ სამაგისტრო ნაშრომს.
გარდა სპეციალობის სავალდებულო სასწავლო კურსებისა (უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების თეორია და პრაქტიკა, გლობალური პოლიტიკის პრობლემები, რეგიონული უსაფრთხოების კვლევები (შავი ზღვის აუზი, პოსტსაბჭოთა სივრცე), ეროვნული უსაფრთხოების კვლევების ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევები), აღსანიშნავია, რომ სპეციალობის სამოდულე სავალდებულო სასწავლო კურსები სტუდენტს საშუალებას აძლევს პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული სამი სავალდებულო ბლოკიდან – სამხედრო უსაფრთხოება, ეკონომიკური უსაფრთხოება და საინფორმაციო უსაფრთხოება შეისწავლონ ისეთი სასწავლო კურსები, რომლებიც ავითარებენ აკადემიურ ცნობიერებას უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით, რაც აუცილებელია ამ სამი აქტუალური მიმართულების უკეთ შესასწავლად და გლობალური საფრთხეების სწორად აღსაქმელად. ეს სასწავლო კურსებია: ჰიბრიდული ომის თეორია და ანალიზი; სამხედრო სტრატეგია და გლობალიზაცია; ეკონომიკური უსაფრთხოების ანალიზი; გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები სტრატეგიული პროდუქციის კონტროლთან დაკავშირებით და საერთაშორისო ვაჭრობაზე დაწესებული შეზღუდვები; საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგია და ანალიტიკური მოდელები; კიბერუსაფრთხოება და კიბერთავდაცვა.
სწორედ კონკრეტული მოდულის შესაბამისად აირჩევენ სტუდენტები ბოლო სემესტრში პრაქტიკის ობიექტსაც, საჯარო, კერძო ან სამეცნიერო-ანალიტიკური სექტორის ინსტიტუციებში.
რაც შეეხება სპეციალობის არჩევით სასწავლო კურსებს, ისინი სტუდენტს საშუალებას აძლევენ კიდევ უფრო ფართოდ გააცნობიეროს უსაფრთხოების კვლევების როლი და ადგილი სპეციფიკურ აკადემიურ სფეროებში. ამავე დროს, გაიაზროს მოცემული კონკრეტული საგნებიდან (გეოეკონომიკური კვლევების ანალიზი, ტერორიზმი და კონტრ-ტერორიზმი, რელიგიის გავლენა საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, გეოპოლიტიკა და გეოეკონომიკა, ფსიქოლოგიური ომი, სპეცსამსახურები და საერთაშორისო ურთიერთობები, ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების და რისკების ანალიზი), რომელიც უფრო მეტად მიესადაგება მისი, როგორც პროფესიონალური მკვლევარის განვითარების და ანალიტიკური უნარების ხელშეწყობას.
რაც შეეხება კვლევით ნაშრომს, სტუდენტები მას პროგრამის დამამთავრებელ, IV სემესტრში დაწერენ და დაიცავენ სპეციალურად შექმნილი კომისიის წინაშე.
სამაგისტრო პროგრამაზე ლექციებს წაიკითხავენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და დარგის გამოცდილი ექსპერტები. რაც შეეხება უცხოელი ექსპერტების ჩართვას პროგრამის განხორციელებაში, არსებული პანდემიიდან გამომდინარე, გათვალისწინებულია ონლაინ პორტალების მეშვეობით მათი აქტიური ჩართულობა.
უცხოელი ექსპერტები ჩვენს სტუდენტებს გლობალური უსაფრთხოების თემებზე სიახლეებს გაუზიარებენ და ჩაერთვებიან მათი სამაგისტრო თეზისის შერჩევაში, სამომავლოდ კი იგეგმება სამაგისტრო ნაშრომების დაცვაზე, კომისიის წევრებად მათი და სხვა უცხოელი ექსპერტების მოწვევა.
პროგრამის ეფექტიანად განხორციელებას ხელს შეუწყობს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე მოქმედი:
- კავკასიური გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია;
- კონფლიქტებისა და სამშვიდობო პროცესების კვლევის ცენტრი;
- ადამიანური უსაფრთხოების კვლევითი ცენტრი;
- ნატოსა და ევროკავშირის კვლევების ცენტრი.
რაც შეეხება ლიტერატურას, პროგრამა უზრუნველყოფილია საჭირო ლიტერატურით ისე, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დღეისათვის არის ყველა სასწავლო კურსის შესაბამისი სავალდებულო ლიტერატურა და სასწავლო მასალები.
აღნიშნული აკადემიური პროგრამის არსებობა აუცილებლად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას და კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით, რეგიონში გადაიქცეს თავისებურ ჰაბად და მაღალი კვალიფიკაციის საერთაშორისო კადრების მომზადების ცენტრად.
სპეციალური შეთავაზება პირველი ნაკადის სტუდენტებს!
„გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტები, რომლებიც 29 მარტამდე ჩაირიცხებიან, უფასოდ ისწავლიან პროგრამის დასრულებამდე (2 წელი). მათ სწავლას სრულად აფინანსებს „მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი უკრაინაში“ (Science and Technology Center in Ukraine).
სწავლის დაწყების თარიღი და მიღების წინაპირობები:
- სწავლის დაწყების თარიღი: 29 მარტი
- მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
„გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების“ სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს ნებისმიერი მიმართულების/სპეციალობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ჩაირიცხება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე დასაშვებია:
- მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
- საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
ვინაიდან პარტნიორ ორგანიზაციებთან დონორობის პროგრამა დროშია გაწერილი, პირველი მიღება გამოცხადდა გაზაფხულის სემესტრში, რაც ამცირებს ქართველი სტუდენტების ჩარიცხვის შანსს პირველი მიღებისას, რადგან მათთვის აუცილებელია საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება. მიმდინარე სემესტრში ველოდებით სრულად უცხოელი სტუდენტებით შევსებას ან ქართველი მსურველების, რომელთაც საბაკალავრო საფეხური გავლილი აქვთ უცხოეთში (საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვის წესის მოთხოვნები).
შიდა გამოცდები:
- ინგლისურ ენაში (მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს ინგლისური ენის გამოცდას (B2 დონის დამადასტურებელი ტესტით) ან წარადგენს ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს - ALTE, TOEFL, IELTS, Cambridge Exam);
- გამოცდა სპეციალობაში, ინგლისურ ენაზე.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.