• dateმარტი 23, 2026
    time01:00 PM

    „ფესვიდან ბრენდამდე“ - ინტერაქციული შეხვედრა სტუდენტებთან

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო შეხვედრა თემაზე - „ფესვიდან ბრენდამდე“. ღონისძიება, რომელიც პერსონალური ბრენდინგის სტრატეგიებს მიეძღვნა, გამორჩეული იყო ინტერაქციული ფორმატით.

    სპიკერებმა - პერსონალური ბრენდის სტრატეგმა მარიამ ძაგნიძემ და ვიზუალური იდენტობის კრეატორმა ნინი ჩალაძემ - აუდიტორიასთან ერთად განიხილეს პერსონალური ბრენდინგი, როგორც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია. მარიამ ძაგნიძის განმარტებით, სოციალური ქსელების ეპოქაში სწორი პოზიციონირება აუცილებელია ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი სათქმელის მიზანმიმართულად მიტანა მომხმარებლამდე. ნინი ჩალაძემ კი ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სწორად აგებული სტრატეგია პირდაპირ აისახება ფინანსურ მაჩვენებლებსა და ცნობადობაზე, რაც ინდივიდუალურ ისტორიას წარმატებულ ბიზნეს-მოდელად აქცევს.

    შეხვედრა განსაკუთრებით დატვირთული იყო პრაქტიკული აქტივობებითა და ჯგუფური სავარჯიშოებით. თეორიული მასალის გაცნობის პარალელურად, მონაწილეებმა იმუშავეს საკუთარი ღირებულებებისა და პიროვნული მახასიათებლების პროფესიულ იმიჯად გარდასახვაზე. ჯგუფური მუშაობისას სტუდენტებმა სცადეს შინაგანი რესურსების იდენტიფიცირება და მათი ვიზუალურ იდენტობაში ასახვა, რაც დაეხმარათ უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი ისტორიის (storytelling) სწორად გადმოცემის ხელოვნება.

    ინტერაქციულმა რეჟიმმა და პრაქტიკულმა ქეისებმა მონაწილეებს საშუალება მისცა, რეალურ დროში დაენახათ ის გზები, რომლებითაც პერსონალური ბრენდი ხდება დამაკავშირებელი ხიდი პიროვნულ იდენტობასა და კარიერულ წინსვლას შორის. ღონისძიების დასასრულს აღინიშნა, რომ მსგავსი პრაქტიკული გამოცდილება სტუდენტებისთვის საუკეთესო საფუძველია თანამედროვე, კონკურენტულ სამუშაო გარემოში თვითდამკვიდრებისთვის.

    შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ნანობაშვილმა და უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა გახსნეს. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მსგავსი ფორმატის აქტივობები სტუდენტებს ეხმარება საკუთარი უნიკალური უნარების აღმოჩენასა და მათ პროფესიულ ინსტრუმენტად ქცევაში.

    ღონისძიებას სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად ადამინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
     

    სხვა სიახლეები