1 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ გაიხსნა. ფესტივალი, რომელიც 2011 წლიდან ტარდება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობს. ღონისძიებები 7 სექტემბრამდე გრძელდება და მოიცავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი რეჟისორების ნამუშევრების ჩვენებას, გამოფენებს, კლასიკური მუსიკის კონცერტებსა და ფოლკლორულ საღამოებს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის ვახტანგ წივწივაძის გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტი უკვე მეორე წელია ფესტივალის მხარდამჭერია.
ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ თამარ ინასარიძემ, რომელმაც ფესტივალის მნიშვნელობისა და უნივერსიტეტის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი გიორგი ფარეშიშვილი.
ფესტივალის ორგანიზების მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას და ნიქოზის ხელოვნების სკოლის ღვაწლი.
დღის ფარგლებში ოფიციალურად გაიხსნა კერამიკის სტუდია „ნიქოზი“ და მოეწყო კერამიკული ნამუშევრების გამოფენა.
ფესტივალის გახსნის ცერემონიას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.