• dateსექტემბერი 30, 2026
    time03:00 PM

    მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებული პრაქტიკული აქტივობა სტუდენტებისთვის

    banner

    მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის ლაბორატორიის ორგანიზებით, პირველკურსელი სტუდენტებისთვის გაიმართა თემატური ღონისძიება, რომლის მიზანი იყო ტურიზმის სფეროს მნიშვნელობის, დარგის მრავალფეროვნებისა და სტუდენტების მიერ არჩეული პროფესიის უნიკალურობის წარმოჩენა. ღონისძიება დაეთმო ტურიზმის თანამედროვე განვითარების ტენდენციებს, პროფესიული შესაძლებლობების გაცნობას და სტუდენტებში პროფესიული იდენტობისა და დარგის მიმართ ინტერესის გაძლიერებას. 

    ღონისძიების პირველი ნაწილი გაიმართა სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში, სადაც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელებს სასტუმროს წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. შეხვედრის განსაკუთრებული მნიშვნელობა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მასპინძლები - სასტუმროს მიღება-განთავსების მიმართულების სუპერვაიზერები - გივი ჭელიძე და ნინი დარსაძე - თავად არიან ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები, რაც ნათლად წარმოაჩენს პროგრამის სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია სასტუმროს საქმიანობის, სტუმარმასპინძლობის სფეროს სპეციფიკის, მომსახურების თანამედროვე სტანდარტებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.  ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის  ხელმძღვანელმა, ლალი მიქელაძემ და Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ის ფრონტ-ოფისის მენეჯერის მოადგილემ, გიორგი კაიშაურმა, ასევე განიხილეს უნივერსიტეტსა და სასტუმროს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ღონისძიების მეორე ნაწილი პირველკურსელებისთვის ტურიზმის ლაბორატორიის გიდებმა - ქეთი ქარქაშაძემ, მარიამ მედოიძემ, მარიამ ბახსოლინმა, ხატია ზაზაძემ და ნატალი რეხვიაშვილმა - წარმართეს. მათ სტუდენტებს ძველი თბილისის შემეცნებითი ტური ჩაუტარეს და დედაქალაქის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ობიექტები გააცნეს. ტურის ფარგლებში გიდებმა პირველკურსელებს ასევე გაუზიარეს საკუთარი საუნივერსიტეტო გამოცდილება, სტუდენტური ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტები და ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უნივერსიტეტში სწავლის საწყის ეტაპზე სტუდენტთა ადაპტაციის, თანატოლებთან ინტეგრაციისა და აკადემიურ გარემოში სრულფასოვანი ჩართულობისთვის.

    ტურიზმის ლაბორატორიის მიერ  ორგანიზებული ღონისძიება არ იყო მხოლოდ მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი ერთჯერადი აქტივობა - იგი წარმოადგენდა პროფესიული იდენტობის ფორმირების, სტუდენტთა ინტეგრაციის, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლებისა და უნივერსიტეტსა და ტურიზმის ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ინიციატივას.
     

    სხვა სიახლეები