დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ. თავის გამოსვლაში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე შრომის ბაზართან მჭიდრო და დინამიკური კავშირის დამყარება უნივერსიტეტის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს.
„მსგავსი მასშტაბური ინიციატივები სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, უშუალო კონტაქტი დაამყარონ წამყვან დამსაქმებლებთან და სწორად განსაზღვრონ საკუთარი კარიერული ტრაექტორია. უნივერსიტეტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი აკადემიური გარემოს განვითარებას, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებსა და მოთხოვნებს“, - განაცხადა კახაბერ კორძაიამ.
რექტორმა მადლობა გადაუხადა მოწვეულ პარტნიორებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ფორუმის თითოეულ მონაწილეს პროფესიული მიზნების წარმატებით განხორციელება უსურვა.
დამსაქმებლებს სიტყვით მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მარინა გედევანიშვილი. მან ყურადღება გაამახვილა აკადემიური პროგრამების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხის ამაღლებასა და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებაზე.
ფორუმის მნიშვნელობასა და მისი ჩატარების კონცეპტუალურ მიზნებზე ისაუბრა უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა: „უწყვეტი განათლება და კარიერული განვითარება თანამედროვე აკადემიური სივრცის განუყოფელი ნაწილია. დასაქმების ფორუმით კიდევ ერთხელ შევქმენით პლატფორმა, სადაც გავაერთიანეთ 70-მდე დამსაქმებელი. ეს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული პოტენციალი რეალურ გარემოში წარმოაჩინონ. ჩვენი სამსახურის მთავარი დანიშნულებაც სწორედ ეს არის - ხელი შევუწყოთ აკადემიური ცოდნის პრაქტიკულ რეალიზაციას და ვუზრუნველვყოთ უნივერსიტეტის ბენეფიციართა ეფექტიანი ინტეგრაცია შრომის ბაზარზე.“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კვლავინდებურად ინარჩუნებს მზაობას, აქტიურად დაუჭიროს მხარი ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლას, შექმნას ახალი კარიერული შესაძლებლობები და უზრუნველყოს სტუდენტებსა და დამსაქმებლებს შორის გრძელვადიანი, ეფექტიანი თანამშრომლობა.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 13, 2026
01:33 PM
ქახი ქენქაძის ლექცია „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში
„ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მორიგი საჯარო ლექცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს ყოფილი დესპანი დიდ ბრიტანეთში და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კახი ქენქაძე გაუძღვა.
ნოემბერი 13, 2026
01:10 PM
„ქართული დიპლომატიის კვირეული“ მიხეილ უკლებას ლექციით გაიხსნა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ქართული დიპლომატიის კვირეული“ გაიხსნა.
ნოემბერი 13, 2026
12:31 PM
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ვიზიტი
9 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის წევრები ეწვივნენ.





