CIU-ში GMT Student Lab-ის პრეზენტაცია გაიმართა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ორგანიზებით პროექტ „GMT Student Lab“- ის პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, „GMT Hospitality“- ის ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის განვითარების უფროსმა მენეჯერმა, გიორგი ხარატიშვილმა, დამსწრე აუდიტორიას საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროგრამა „GMT Student Lab“ გააცნო.
შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, გურამ ლილუაშვილმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა აკადემიურ სექტორსა და ბიზნესს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები გადამწყვეტ როლს თამაშობს სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების შეძენასა და მათი კარიერული პოტენციალის რეალიზებაში.
შეხვედრის განმავლობაში სპიკერმა დეტალურად ისაუბრა კომპანია GMT Hospitality-ის საქმიანობის, ორგანიზაციული სტრუქტურისა და მრავალფეროვანი მიმართულებების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კომპანიის შიდა საგანმანათლებლო პლატფორმას, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიის ნულიდან შესწავლის, პრაქტიკული უნარების განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სთავაზობს.
პრეზენტაციის ფარგლებში სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ერთთვიანი, სრულად ანაზღაურებადი პრაქტიკის პროგრამის შესახებ, რომელიც კომპანიის წამყვან ობიექტებში პოზიციების მონაცვლეობის პრინციპით ხორციელდება. მონაწილეები ასევე გაეცნენ პროგრამის საგანმანათლებლო კომპონენტს, რომელიც მოიცავს სპეციალურად შემუშავებულ ტრენინგებს ეფექტური კომუნიკაციის, მაღალი ხარისხის მომსახურების სტანდარტების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებებით.
ღონისძიების დასასრულს განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმ მნიშვნელოვან სარგებელზე, რომელსაც პროგრამაში ჩართული სტუდენტები მიიღებენ, მათ შორის: პრაქტიკის დაწყების პირველივე დღიდან ანაზღაურებას, პროფესიულ სერტიფიკატს, დარგის წამყვანი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ მასტერკლასებს, რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობასა და წარმატებული მონაწილეებისთვის კომპანიაში სრულ განაკვეთზე დასაქმების პერსპექტივას.
შეხვედრამ სტუდენტებში დიდი ინტერესი გამოიწვია და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა უნივერსიტეტისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობა ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წარმატების ხელშეწყობის პროცესში.
სხვა სიახლეები
ივნისი 16, 2026
01:00 PM
სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა მედიცინის ფაკულტეტზე
12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ლელა წიტაიშვილის ორგანიზებით და ხელმძღვანელობით ჩატარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრა თემაზე: „სტომატოლოგიისა და მედიცინის ინტერდისციპლინური თანამშრომლობა - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მოდელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში პროფესიული კომპეტენციების განვითარებისათვის“.
ივნისი 15, 2026
03:00 PM
საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია
11 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტის „პოლონელთა კვალდაკვალ თბილისში“ (Following the Footsteps of Poles in Tbilisi - a City Game) პრეზენტაცია მოეწყო.
ივნისი 15, 2026
02:00 PM
აკადემიური კეთილსინდისიერება და Turnitin
8-12 ივნისს, უნივერსიტეტში დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომლებიც ამჟამად საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადისერტაციო ნაშრომებზე მუშაობენ, პლაგიატისა და პროგრამა Turnitin-ის შესახებ საინფორმაციო-პრაქტიკული შეხვედრების ციკლი ონლაინ ფორმატში ჩატარდა.





