CIU-ს პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის პროგრამების კურსდამთავრებულებს სახელმწიფო სერტიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ. ეს დღე განსაკუთრებული იყო იმ 23 მსმენელისთვის, რომლებმაც 2026 წლის გაზაფხულზე წარმატებით დაასრულეს სწავლა და შრომის ბაზრისთვის საჭირო, აქტუალური პროფესიული ცოდნა შეიძინეს.
„გერიატრიული ასისტენტის“ პროფესიული მომზადების პროგრამა - სწავლება წარმატებით გაიარა 13-მა კურსდამთავრებულმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კურსის დაფინანსება ქალაქ თბილისის მერიის პროგრამის - „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში განხორციელდა.
„მეღვინე-ტექნიკოსის“ პროფესიული გადამზადების პროგრამა - კურსი 10-მა კურსდამთავრებულმა დაასრულა. პროგრამის ფინანსური მხარდაჭერა და დაფინანსება სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყო.
ორივე პროგრამის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები უმაღლეს დონეზე ჩატარდა. სასწავლო პროცესის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა მედიცინისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტებიდან, ასევე თბილისსა და ოკამში არსებული პრაქტიკის ობიექტების დარგის წამყვანმა სპეციალისტებმა.
პროფესიული პროგრამების განმახორციელებლები გახლდათ: ოლანი გოცირიძე, ლაშა ბოდაველი, ვაჟა ოზაშვილი, ქეთევან ველიაშვილი, მაკა გაბიძაშვილი და ნანო შვანგირაძე. „გერიატრიული ასისტენტის“ პროგრამაში მოწვეული მასწავლებლის სტატუსით მონაწილეობდა ხანდაზმულთა პანსიონატის, „ფრენდლი ქომუნითის“ დირექტორი თეა გურული, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული და ფასდაუდებელი ცოდნა გაუზიარა.
ცნობისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრი 2023 წელს დაარსდა. ცენტრის შექმნის მთავარი მიზანი განათლების სისტემის მომავალი განვითარების პერსპექტივების მხარდაჭერა და ქვეყანაში პროფესიული განათლების სისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობაა. ცენტრს სათავეში უდგას გამოცდილი მენეჯერი და განათლების ექსპერტი თეა ოსეფაშვილი.
დაარსებიდან დღემდე, ცენტრის აქტიური ადმინისტრირებით, შემუშავდა 7 სასერტიფიკატო, მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა. 2024-2026 წლებში შვიდივე მათგანმა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის შესაბამისი საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელების ოფიციალური უფლება მოიპოვა.
ცენტრი აქტიურად აგრძელებს მუშაობას და გეგმავს ახალი, თანამედროვე პროფესიული პროგრამების დანერგვას სხვადასხვა სფეროში. ცენტრის პრიორიტეტად კვლავაც რჩება შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებითა და დანერგვით.
სხვა სიახლეები
ივლისი 21, 2026
09:15 AM
საველე სიმულაციური სწავლება CIU-ში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ორგანიზებით საველე სიმულაციური სწავლება ჩატარდა, რომელშიც ინგლისურენოვანი პროგრამის 50 სტუდენტი მონაწილეობდა.
ივლისი 20, 2026
02:00 PM
ეკატერინე ფიფიას დისერტაციის საჯარო დაცვა
2026 წლის 29 ივლისს, 16:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის 602-ე აუდიტორიაში, შედგება სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება “ საჯარო დაცვა.
ივლისი 20, 2026
10:00 AM
გიორგი ჯინჭარაძის საჯარო დაცვა
2026 წლის 29 ივლისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში, შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ჯინჭარაძის საჯარო დაცვა თემაზე: სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკური განვითარების შედარებითი ანალიზი.




