CIU-ს დოქტორანტმა 2026 წლის EAIE-ის დოქტორანტურის კვლევითი გრანტი მოიპოვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა ჯოვანა აბლოთიამ 2026 წლის ევროპის საერთაშორისო განათლების ასოციაციის (EAIE) დოქტორანტურის კვლევითი გრანტი (Doctoral Research Grant) მოიპოვა.
EAIE-ის დოქტორანტურის კვლევითი გრანტი საერთაშორისო განათლების სფეროში მნიშვნელოვანი საგრანტო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს პერსპექტიული აკადემიური კვლევების მხარდაჭერასა და მათი საერთაშორისო მასშტაბით განვითარებას. პროგრამა 2025 წელს დაარსდა და 2026 წლის კონკურსის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებული განაცხადებიდან მხოლოდ ხუთი კვლევითი პროექტი დაფინანსდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2026 წლის კონკურსში საქართველოდან შერჩეული ერთადერთი გამარჯვებული სწორედ CIU-ს დოქტორანტია, რაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო აკადემიური მიღწევაა და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და მკვლევრების ჩართულობას საერთაშორისო საგანმანათლებლო და კვლევით სივრცეში.
კვლევა შეისწავლის განათლების როლს პოლიტიკურ სოციალიზაციაში. გრანტის მხარდაჭერით მიმდინარეობს კვლევის ემპირიული ფაზა, რომლის ფარგლებშიც გაანალიზდება თუ როგორ უკავშირდება უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია დემოკრატიულ ღირებულებებს, მოქალაქეობრივ ჩართულობასა და ინსტიტუციურ ნდობას.
კვლევით საქმიანობასთან ერთად, ჯოვანა აბლოთია აქტიურად არის ჩართული უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესებში. იგი ევროპის სტუდენტური კავშირის (ESU) ხარისხის უზრუნველყოფის სტუდენტ ექსპერტთა ჯგუფის წევრია და 2026-2027 წლებში, უკვე მეორე მანდატით აგრძელებს საექსპერტო საქმიანობას. ამასთან, იგი სხვადასხვა ქვეყნის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ექსპერტთა ბაზებშია რეგისტრირებული და მონაწილეობს საერთაშორისო შეფასებისა და აკრედიტაციის პროცესებში.
EAIE-ის კვლევითი გრანტის მოპოვება ხელს შეუწყობს სადოქტორო კვლევის შემდგომ განვითარებას, ემპირიული კვლევის განხორციელებასა და მიღებული შედეგების საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებაში გაზიარებას.
CIU ულოცავს ჯოვანა აბლოთიას ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო მიღწევას და წარმატებებს უსურვებს კვლევით და პროფესიულ საქმიანობაში!
სხვა სიახლეები
ოქტომბერი 16, 2026
12:05 PM
მემორანდუმი ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო „ვეზასთან“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ციფრულ მარკეტინგულ სააგენტო „ვეზას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და „ვეზას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინი ადამაშვილმა მოაწერეს. ახალი პარტნიორობის მთავარი მიზანი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პროფესიული განვითარება, მათი შრომის ბაზარზე ეფექტიანი ინტეგრაცია და რეალური დასაქმების პერსპექტივების შექმნაა.
ოქტომბერი 16, 2026
09:54 AM
CIU-ს ისრაელიდან მკვლევართა ჯგუფი ეწვია
12-15 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა ისრაელიდან, არილის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფს უმასპინძლა. სამეცნიერო დელეგაციას პროფესორი შივი დრორი (Shivi Drori) ხელმძღვანელობდა, რომელთან ერთადაც სამუშაო პროცესში მკვლევრები - ლიჰი ჰოკი (Lihi Hoch) და იაელ ლევ მირონი (Yahel Lev Miron) მონაწილეობდნენ.
ოქტომბერი 16, 2026
07:58 AM
CIU-ს წარმომადგენლებმა თურქმენეთში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას ხელმძღვანელობით, თურქმენეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და გამოფენაში - „ჯანდაცვა, განათლება და სპორტი ძლიერი სახელმწიფოს ახალი ეპოქის აღორძინების პერიოდში“ - მიიღეს მონაწილეობა.