CIU-ის წარმომადგენლები ბრიუსელის მსოფლიო კონკურსზე (CMB)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დოქტორანტები, გიორგი სამანიშვილი და საბა ქიტიაშვილი, მიწვეულები იყვნენ სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე - ბრიუსელის მსოფლიო კონკურსზე (Concours Mondial de Bruxelles, CMB), სადაც კომისიის წევრების სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.
ბრიუსელის მსოფლიო კონკურსი (CMB) ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 1994 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 15 000-ზე მეტ განაცხადს აერთიანებს. კონკურსზე წარმოდგენილ ნიმუშებს სფეროს პროფესიონალები „ბრმა დეგუსტაციის“ პრინციპით აფასებენ, რაც შეფასების პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ წელს ისტორიაში პირველად, CMB-ს სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა უმასპინძლა. 21 მაისს გაიხსნა წითელი და თეთრი ღვინოების, ასევე ცქრიალა ღვინოების სესიები, რომლებიც გამონაკლისის სახით ერთდროულად გაიმართა.
სამი დღის განმავლობაში, 56 ქვეყნის 320-ზე მეტმა დეგუსტატორმა მსოფლიოს 51 ქვეყნიდან წარმოდგენილი 6 700-ზე მეტი წითელი და თეთრი ღვინის, ასევე თითქმის 1 000 ცქრიალა ღვინის ნიმუში შეაფასა.
ამავდროულად, კონკურსის ფარგლებში გაიმართა No/Low (უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი ღვინოების) სესიაც, სადაც 100-ზე მეტი ნიმუში იყო წარმოდგენილი. აღნიშნული მიმართულება მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ტენდენციად მიიჩნევა.
ბრიუსელის მსოფლიო კონკურსის (CMB) შედეგები 10 ივნისს გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე - concoursmondial.com.
CIU-ის დოქტორანტების მონაწილეობა მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საერთაშორისო კონკურსში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ჩართულობას საერთაშორისო პროფესიულ და აკადემიურ სივრცეში, ასევე მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით მაღალი დონის სპეციალისტების მომზადების მნიშვნელობას.
სხვა სიახლეები
ივნისი 04, 2026
01:00 PM
მაკა ბულეიშვილის საჯარო დაცვა
2026 წლის 22 ივნისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მაკა ბულეიშვილის საჯარო დაცვა თემაზე: ეპიდემიების გავლენა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებსა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე.
ივნისი 03, 2026
02:00 PM
ჯემალ სოლოღაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია
1 ივნისს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილის, პროფესორ ჯემალ სოლოღაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მოეწყო. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უნივერსიტეტმა ავტორის ახალი ლექსების კრებულის - „ბობოქრობს ფიქრი“ - პრეზენტაციას უმასპინძლა. კრებული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის, ვახტანგ წივწივაძის მხარდაჭერით გამოიცა.
ივნისი 01, 2026
04:00 PM
პოეზიის საღამო CIU-ში
28 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პოეზიის საღამო გაიმართა. შემოქმედებითი ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული მწერლობის პოპულარიზაციასა და სტუდენტებში ლიტერატურული ინტერესების გაღვივებას.









