CIU-ის წარმომადგენლები ბრიუსელის მსოფლიო კონკურსზე (CMB)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დოქტორანტები, გიორგი სამანიშვილი და საბა ქიტიაშვილი, მიწვეულები იყვნენ სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე - ბრიუსელის მსოფლიო კონკურსზე (Concours Mondial de Bruxelles, CMB), სადაც კომისიის წევრების სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.
ბრიუსელის მსოფლიო კონკურსი (CMB) ღვინის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც 1994 წლიდან ტარდება და ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 15 000-ზე მეტ განაცხადს აერთიანებს. კონკურსზე წარმოდგენილ ნიმუშებს სფეროს პროფესიონალები „ბრმა დეგუსტაციის“ პრინციპით აფასებენ, რაც შეფასების პროცესის მაქსიმალურ ობიექტურობას უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ წელს ისტორიაში პირველად, CMB-ს სომხეთის დედაქალაქმა ერევანმა უმასპინძლა. 21 მაისს გაიხსნა წითელი და თეთრი ღვინოების, ასევე ცქრიალა ღვინოების სესიები, რომლებიც გამონაკლისის სახით ერთდროულად გაიმართა.
სამი დღის განმავლობაში, 56 ქვეყნის 320-ზე მეტმა დეგუსტატორმა მსოფლიოს 51 ქვეყნიდან წარმოდგენილი 6 700-ზე მეტი წითელი და თეთრი ღვინის, ასევე თითქმის 1 000 ცქრიალა ღვინის ნიმუში შეაფასა.
ამავდროულად, კონკურსის ფარგლებში გაიმართა No/Low (უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლიანი ღვინოების) სესიაც, სადაც 100-ზე მეტი ნიმუში იყო წარმოდგენილი. აღნიშნული მიმართულება მსოფლიო ღვინის ინდუსტრიაში ერთ-ერთ სწრაფად მზარდ ტენდენციად მიიჩნევა.
ბრიუსელის მსოფლიო კონკურსის (CMB) შედეგები 10 ივნისს გამოქვეყნდება ოფიციალურ ვებგვერდზე - concoursmondial.com.
CIU-ის დოქტორანტების მონაწილეობა მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის საერთაშორისო კონკურსში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის ჩართულობას საერთაშორისო პროფესიულ და აკადემიურ სივრცეში, ასევე მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით მაღალი დონის სპეციალისტების მომზადების მნიშვნელობას.
სხვა სიახლეები
ივნისი 01, 2026
04:00 PM
პოეზიის საღამო CIU-ში
28 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პოეზიის საღამო გაიმართა. შემოქმედებითი ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული მწერლობის პოპულარიზაციასა და სტუდენტებში ლიტერატურული ინტერესების გაღვივებას.
ივნისი 01, 2026
03:30 PM
სამეცნიერო კვირეული მოსწავლეებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს - „აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ - უმასპინძლა. ინიციატივა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროექტის მთავარ მისიას ახალგაზრდებში სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესის გაღვივება და იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებსაც უნივერსიტეტი მომავალ მკვლევრებს სთავაზობს. მთელი თვის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სალექციო კურსს, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
ივნისი 01, 2026
02:00 PM
CIU-ს სტუდენტი Erasmus+ პროგრამით პოლონეთში სწავლას აგრძელებს
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი გიორგი კოტია Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლას აგრძელებს პოლონეთში - ჯოზეფ გოლუხოვსკის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, სადაც ის აქტიურად არის ჩართული როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ სასწავლო პროცესებში.









