25 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართა.
ღონისძიება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა. „ბევრს ჰგონია, რომ წარმატება მხოლოდ კარიერული წინსვლა და მაღალი თანამდებობაა. სინამდვილეში წარმატება ის პატარა ნაბიჯებია, რომლებიც ყოველდღე შეუმჩნევლად გვაყენებს მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. ძვირფასო კურსდამთავრებულებო, მოგიწოდებთ, რომ იყოთ პროაქტიულები და არ დაელოდოთ იმას, რომ შესაძლებლობები გიპოვნიან თქვენ, არამედ თავად ეძიეთ ისინი,“ - აღნიშნა რექტორმა.
კურსდამთავრებულებს მიესალმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე. „თქვენ ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაასრულეთ და დიდ სფეროში შეაბიჯეთ, სადაც ცოდნის რეალიზება და კარიერული წინსვლა გელოდებათ. თქვენ წინაშე ვდგავარ არა როგორც მინისტრი, არამედ როგორც ლექტორი და თქვენი დიდი გულშემატკივარი. გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდების მხარდაჭერა და თქვენი ინიციატივების ხელშეწყობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გქონდეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისთვის ფართო ასპარეზი. მჯერა, როგორ ღირსეულადაც დაასრულეთ ცხოვრების ეს ეტაპი, ასევე, ღირსეულად გააგრძელებთ მუშაობას და უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და პროფესიონალიზმს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ გამოიყენებთ,“ - აღნიშნა მინისტრმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებისადმი მისალოცი სიტყვით წარდგნენ სხვადასხვა დარგის გამორჩეული წარმომადგენლები და ფაკულტეტების დეკანები. საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ფაკულტეტის წარჩინებული კურსდამთავრებულები. განსაკუთრებით ემოციული ნაწილი აღმოჩნდა უნივერსიტეტის მასკოტის „მისტერ შეპარდის“ გამოჩენა. საზეიმოდ გაიჭრა ტორტი და მოეწყო ქუდების აყრის ცერემონია.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის წამყვანი გახლდათ დავით გვეტაძე,
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა პიანისტი გიგი ჭიპაშვილი (Gigi PianoMan).
კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საღამოს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, სამართლის ფაკულტეტის, მედიცინის ფაკულტეტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.
ბმულზე იხილეთ Mirrorit ფოტოები: https://fotoshare.co/e/_K_cTcrMp_jWqqbC3hdWy
ბმულზე იხილეთ Gifit ფოტოები: https://fotoshare.co/e/EPzfWRtY4LetP8iOCukgs