სამეცნიერო კვირეული მოსწავლეებისთვის

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს - „აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ - უმასპინძლა. ინიციატივა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროექტის მთავარ მისიას ახალგაზრდებში სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესის გაღვივება და იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებსაც უნივერსიტეტი მომავალ მკვლევრებს სთავაზობს. მთელი თვის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სალექციო კურსს, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
კვირეულის თემატიკა მრავალფეროვანი აღმოჩნდა და იგი თანაბრად მოიცავდა როგორც ფუნდამენტურ მეცნიერებებს, ისე თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს გლობალურ გამოწვევებს.
სალექციო ციკლი 11 მაისს გახსნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ფილოლოგიის დოქტორმა სესილი გოგიბერიძემ. მის მოხსენებაში - „ნობელის პრემია და მისი ლაურეატები“, მოსწავლეებმა იმოგზაურეს მსოფლიო დონის აღმოჩენების ისტორიაში. კვლევითი ინტერესის პროფესიულ წარმატებად ტრანსფორმაციის პრაქტიკული გზამკვლევი კი 18 მაისს შეხვედრის მონაწილეებს ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, CIU-ს ასოცირებულმა პროფესორმა და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა შორენა ქურდაძემ გაუზიარა ლექციაზე „მეცნიერის კარიერული გზა“.
25 მაისს საინფორმაციო სივრცის აქტუალური ტენდენციები განიხილეს უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილესთან, სულხან მელაძესთან ერთად, რომელმაც აუდიტორიას წარუდგინა ლექცია „მედიის თანამედროვე გამოწვევები და მედიასკოლების პრიორიტეტები“. 27 მაისი კი სრულად დაეთმო ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თემატიკას - CIU-ს სადოქტორო პროგრამების კოორდინატორმა, ასოცირებულმა პროფესორმა და ისტორიის დოქტორმა ქეთევან შოშიაშვილმა წაიკითხა მოხსენება „26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე“, რითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ახალგაზრდა თაობაში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების აუცილებლობას.
სამეცნიერო კვირეული 29 მაისს პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის მოხსენებით დასრულდა. თემამ - „ხელოვნური ინტელექტი და სკოლა“, დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან მასში დეტალურად იქნა გაანალიზებული AI ტექნოლოგიების როლი და მათი ტრანსფორმაციული გავლენა თანამედროვე სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების სისტემაზე.
პროექტმა „აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ მომავალ სტუდენტებს მისცა უნიკალური შანსი, გადაედგათ პირველი ნაბიჯები დიდი მეცნიერებისკენ და საკუთარი თვალით ეხილათ ის ფართო აკადემიური პერსპექტივები, რასაც მათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის შემოქმედებითი და კვლევითი გარემო სთავაზობს.
სხვა საერთაშორისო სიახლეები
ივნისი 05, 2026
03:10 PM
WinExpo 2026
5 ივნისს ექსპო ჯორჯიას საგამოფენო პავილიონში ღვინისა და ალკოჰოლურული სასმელების მე-18 საერთაშორისო გამოფენა - WinExpo 2026 - გაიხსნა.
ივნისი 05, 2026
03:00 PM
FAO-ს წარმომადგენლების შეხვედრა მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტზე
4 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტმა უმასპინძლა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებს, რომლებმაც სტუდენტებისა და დარგით დაინტერესებული პირებისთვის ტრენინგი ჩაატარეს.
ივნისი 05, 2026
02:00 PM
ვახტანგ წივწივაძე ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლით დაჯილდოვდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი, ვახტანგ წივწივაძე, ილია ჭავჭავაძის ოქროს მედლითა და მადლიერების დიპლომით დაჯილდოვდა. საზეიმო ცერემონია 3 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, გამოჩენილი ქართველი მწერლის, რევაზ ინანიშვილის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე გაიმართა.