• dateივლისი 15, 2026
    time11:00 AM

    პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია

    banner

    15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის მორიგი ერთობლივი პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია.

    პროექტის ხელმძღვანელი და იდეის ავტორია თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ პროფესორი ირმა რატიანი.

    პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. ასევე - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამონაწილეობითა და თანადაფინანსებით.

    დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი ირმა რატიანი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჭალაგანიძე. ასევე - პროექტის მონაწილე სხვა სპიკერები. ამავე დროს, პრეზენტაციაზე ნაჩვენები იქნება სამეცნიერო-შემეცნებით ფილმებზე მუშაობის ხანგრძლივი და საინტერესო პროცესის ამსახველი ვიდეო-რგოლი და მოკლე ვიდეო-ანოტაცია.

    პროექტის შესახებ: მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში წარმოდგენილი პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - მიზანია ქართული ორიგინალური დრამატურგიის, მათ შორის ქალი ავტორების შემოქმედების, პოპულარიზაცია, ამავე დროს იმ მოსაზრების დასაბუთება, რომ ქართული დრამატურგია ევროპული დისკურსის ნაწილია.

    პროექტის ფარგლებში შეიქმნა სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმების სერია პირველი ასწლეულის (1850-იანი-1950-იანი წწ.) წარმომადგენელი ქართველი დრამატურგების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული დრამატურგიის განვითარებაში. ეს ავტორებია:

    • გიორგი ერისთავი;
    • ზურაბ ანტონოვი;
    • ბარბარე ჯორჯაძე;
    • ეკატერინე გაბაშვილი;
    • რაფიელ ერისთავი;
    • დავით ერისთავი;
    • აქვსენტი ცაგარელი;
    • დავით კლდიაშვილი;
    • შალვა დადიანი;
    • პოლიკარპე კაკაბაძე;
    • გრიგოლ რობაქიძე;
    • გიორგი ნახუცრიშვილი.

    სამეცნიერო-შემეცნებით ფილმებს საფუძვლად დაედო პროექტის ხელმძღვანელის, პროფესორ ირმა რატიანის, ფუნდამენტური კვლევა, ახალი ნაშრომი: „დრამის პოეტიკა ქართული აქცენტით“. ამავე დროს პროექტის განხორციელების პროცესში სცენარისტების მიერ გათვალისწინებული იქნა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ მომზადებული სამტომეული: „ქართული დრამატურგიის ქრესტომათია (ნაცნობი და უცნობი ტექსტები), რომელშიც მოცემულია საარქივო მასალებში მოძიებული ქართველი დრამატურგების უნიკალური, ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ტექსტები, ამავე დროს სამეცნიერო გამოცემა აერთიანებს ქართველი დრამატურგების ბიოგრაფიების უცნობ ფაქტებსა და კვალიფიციურ სამეცნიერო გამოკვლევებს.

    სამეცნიერო-შემეცნებითი ფილმი - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - იქნება პირველი მცდელობა პოპულარიზება გაუწიოს პირველი ქალი დრამატურგების - ეკატერინე გაბაშვილისა და ბარბარე ჯორჯაძის - ნაკლებად ცნობილ ან სრულიად მივიწყებულ დრამატურგიულ ტექსტებს და ზოგადად, ქართული დრამატურგიის კვლევის პროცესში დაგროვებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო დასკვნებს/აღმოჩენებს.

    "ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული" - ვიდეორგოლი - https://shorturl.at/ZLqPi

    სხვა განცხადებები