კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი, რომელიც თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს დაეთმო. შეხვედრას უძღვებოდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი თამარ ფანჩულიძე.
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა გარემოებას, რომ თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს განათლების ყველაზე თანამედროვე ფორმას, რომელსაც ლექტორები და მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად ინტეგრირებენ სასწავლო პროცესში. ეს მიდგომა ორიენტირებულია ჯგუფურ და პარტნიორულ მუშაობაზე, რაც სტუდენტებისგან მოითხოვს სინქრონულ თუ ასინქრონულ, კოორდინირებულ და კონსტრუქციულ აქტივობას დასახული პრობლემების ერთობლივად გადასაჭრელად და საერთო მიზნის მისაღწევად.
ექსპერტმა ტრენინგის მონაწილეებს დეტალურად გააცნო თანამშრომლობითი სწავლების მთავარი პრინციპები: დადებითი ურთიერთდამოკიდებულება, რაც საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანებას გულისხმობს; ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, სადაც გუნდის თითოეულ წევრს საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო საქმეში; პირისპირ ურთიერთქმედების ხელშეწყობა; სოციალური და თანამშრომლობის უნარების განვითარება; ჯგუფური პროცესის შეფასება, რაც თვითრეფლექსიის მექანიზმებს ეფუძნება.
თეორიული ნაწილის შემდეგ, მსჯელობა გაგრძელდა პრაქტიკულ ჭრილში: როგორ უნდა გადაიტანონ ლექტორებმა ეს მიდგომები უშუალოდ აუდიტორიაში? ამ კონტექსტში განიხილეს კონკრეტული სტრატეგიები, როგორებიცაა: ინტერაქციული მეთოდი „იფიქრე, დაწყვილდი, გააზიარე“, „აზრების აწყობა“ (ე.წ. ფაზლი) და გუნდში როლების სწორად განაწილება. ყურადღება დაეთმო სეგმენტურ მეთოდსაც, რომელიც სასწავლო მასალის ნაწილებად დაყოფასა და სტუდენტების მიერ მის ეტაპობრივ ათვისებას გულისხმობს.
ტრენინგის ერთ-ერთი ბლოკი დაეთმო ჯგუფური მუშაობის ეფექტურ მართვასა და შეფასების კრიტერიუმებს, სადაც მონაწილეებს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პრაქტიკული ქეისები და ციფრული ინსტრუმენტები გაუზიარეს. კერძოდ, მიმოიხილეს ჰარვარდის უნივერსიტეტში აპრობირებული კვლევის მეთოდი, რომელიც ადასტურებს, რომ ჯგუფური მუშაობისას ყველაზე ეფექტური ე.წ. პროგრესული შეფასებაა. ასევე, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მიდგომა, სადაც ჯგუფური პროექტების დროს აქტიურად გამოიყენება გუნდური შეთანხმების დოკუმენტი. ევროპული უნივერსიტეტების პრაქტიკაზე დაყრდნობით კი ხაზი გაესვა სამკომპონენტიანი შეფასების მატრიცის მნიშვნელობას; საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, შეფასება უნდა იყოს სამმხრივი, რათა ის ობიექტურად და სამართლიანად აისახოს თითოეული სტუდენტის საბოლოო ნიშანზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში, კითხვა-პასუხისა და აქტიური დისკუსიის ფონზე წარიმართა. ტრენინგი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალის მართვის სამსახურის / უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.