• dateმაისი 22, 2026
    time10:10 AM

    რექტორის მრჩეველმა ყაზახეთში საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა, ყაზახეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში „KazNARU გაეროს მოდელირება 2026“. წლევანდელი ღონისძიება ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო დღეს მიეძღვნა და მისი მთავარი აქცენტი ცენტრალური აზიის გლობალურ პოლიტიკაში არსებულ როლზე გაკეთდა. მოდელირების ძირითად თემას „ციფრული დიპლომატია და რეგიონული თანამშრომლობა: მშვიდობისა და ინოვაციის გზებით“ წარმოადგენდა. ფორუმი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ყაზახეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, გაეროს ყაზახეთის წარმომადგენლობისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით.

    ღონისძიების მიმდინარეობისას გიორგი ფარეშიშვილმა სიტყვით მიმართა მონაწილეებს. მან ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის, როგორც მსოფლიო ცივილიზაციათა გზასაყარისა და აბრეშუმის გზის ისტორიულ მნიშვნელობას, რის შემდეგაც ყურადღება გაამახვილა იმ თანამედროვე გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს ციფრულ ეპოქას.

    გახსნის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, რექტორის მრჩეველმა შეხვედრა გამართა ყაზახეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის (KAZNARU) ვიცე-რექტორთან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორ რაფის აბაზოვთან. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და გამოხატეს ორმხრივი მზაობა ერთობლივი გაცვლითი პროგრამების, კონფერენციებისა და ფორუმების ორგანიზებისთვის. აღსანიშნავია, რომ KAZNARU ყაზახეთის ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც აგრარულ მიმართულებასთან ერთად აერთიანებს სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ბიზნესის, მენეჯმენტისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტებს. შეხვედრის დასასრულს გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტების წარმატებულ განხორციელებას.

    სხვა სიახლეები