• dateსექტემბერი 16, 2026
    time01:10 PM

    პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სამეცნიერო მივლინება მურსიის უნივერსიტეტში

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მედია პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი, ესპანეთში, მურსიის უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევით მივლინებას (STSM) ახორციელებს ევროპული პროგრამის COST-ის ფარგლებში (Action CA22165 „DepolarisingEU").

    ვიზიტის მასპინძელია მურსიის უნივერსიტეტის ციფრული პოლიტიკური კომუნიკაციის პროფესორი როსიო სამორა-მედინა (Rocío Zamora-Medina). ორი მკვლევარი ერთობლივ პროექტზე მუშაობს, რომელიც ეხება გენერაციული ხელოვნური ინტელექტით მართულ დეზინფორმაციასა და ალგორითმულ პოლარიზაციას - სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ ევროპის შედარებით ჭრილში.

    სამუშაო შეხვედრებზე მკვლევრებმა შეათანხმეს კვლევის ანალიტიკური ჩარჩო, მეთოდოლოგია და ერთობლივი სამეცნიერო სტატიის სტრუქტურა. პროექტი წმინდა ტექნოლოგიურ და მედია-მექანიზმებზეა ორიენტირებული და შეისწავლის, თუ როგორ ცვლის თანამედროვე ტექნოლოგია ინფორმაციულ გარემოს ორ განსხვავებულ მედია-სისტემაში. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი შინაარსისა და ალგორითმული გაძლიერების გავლენა დღეს გლობალური აკადემიური ინტერესის საგანია.

    ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი პუბლიკაცია, DepolarisingEU-ს კვლევით რეპოზიტორიაში წვლილი და ღია სამეცნიერო დისემინაცია.

    პროფესორმა ზაზა ცოტნიაშვილმა მადლიერება გამოხატა COST-ის, მურსიისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტების მიმართ ამ ნაყოფიერი თანამშრომლობის მხარდაჭერისთვის.

    მხარეები აპირებენ იმუშაონ CIU-სა და მურსიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების საკითხზე, რაც გახსნის გზას აკადემიური გაცვლის, ერთობლივი კვლევებისა და სამომავლო საერთაშორისო პროექტებისთვის. 

    პროფესორ ზაზა ცოტნიაშვილის სამეცნიერო ვიზიტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი უნივერსიტეტის მზარდ ჩართულობას ევროპულ სამეცნიერო ქსელებში.

    სხვა სიახლეები