• dateაპრილი 21, 2026
    time01:00 PM

    პროფესორ მუთლუ არათს CIU-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    მედიცინის სფეროში გამორჩეული მიღწევების, ჰემატოლოგიასა და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაში სამაგალითო ლიდერობის, კლინიკურ მეცნიერებასა და სამედიცინო განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე, უნივერსიტეტისადმი გაწეული ფასდაუდებელი მხარდაჭერის, ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების წახალისებისა და აკადემიური საზოგადოების პროგრესისადმი გამოჩენილი განსაკუთრებული ერთგულების დასტურად, 20 აპრილს, პროფესორ მუთლუ არათს (თურქეთი) კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 

    მსოფლიოში აღიარებული პროფესორი, მედიცინის დოქტორი მუთლუ არათი გახლავთ „Florence Nightingale Hospitals“-ის ჯგუფის ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრის დამფუძნებელი, სადაც მან მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მას ჩატარებული აქვს ძვლის ტვინის გადანერგვის 1400-ზე მეტი წარმატებული ოპერაცია.

    დღის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და Memorial Hospitals Group-ს (სტამბოლი, თურქეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მხარეებს შორის სამედიცინო მომსახურებისა და აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს. 

    საპატიო სტუმარსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა CIU-ს ვიცე-რექტორმა თამარ ინასარიძემ. მან ხაზი გაუსვა პროფესორის სამეცნიერო მიღწევებსა და მის ღვაწლს უნივერსიტეტის წინაშე.

    „მე მისი გადარჩენილი პაციენტი ვარ“ - აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველმა, პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა სიტყვით გამოსვლაში. მან დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა, რომ ხუთი წლის წინ, მას მწვავე მიელოიდური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. „იმ დროს, როდესაც სიტუაცია სრულიად უიმედო ჩანდა, პროფესორმა არათმა საკუთარ თავზე აიღო სრული პასუხისმგებლობა ჩემს მკურნალობაზე. სწორედ მისი გადაწყვეტილებისა და პროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ დღეს აქ ვდგავარ,“ - აღნიშნა გიორგი ფარეშიშვილა. დარბაზში იმყოფებოდნენ მუთლუ არათის სხვა პაციენტებიც, რომლებმაც პირადად გადაუხადეს მადლობა მეცნიერს გაწეული ღვაწლისთვის.

    ოფიციალური ნაწილის შემდეგ აუდიტორიის წინაშე მუთლუ არათი წარდგა მოხსენებით თემაზე: „კლონური ჰემატოპოეზი და ასაკობრივი ანთებითი პროცესები: კლინიკური მნიშვნელობა“, მოხსენების დასრულების შემდეგ კი აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. 

    ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი მარინა გედევანიშვილი, დაჯილდოების ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაგდა თორთლაძემ, ღონისძიების მოდერატორი კი გახლდათ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სვეტლანა კირაკოსიანი. 

    ღონისძიება უნივერსიტეტის ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ. 

    სხვა სიახლეები